22.11.2024

არასამთავრობო ორგანიზაციები სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესს იწყებენ

სამოქალაქო სექტორი სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესს იწყებს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს, ერთობლივად შეიმუშავონ ომბუდსმენის კანდიდატობის ნომინირების წესი და ის კრიტერიუმები, რასაც ომბუდსმენის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს. ისინი პროცესის ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად 30 აგვისტომდე უფლებადამცველებს, უფლებადამცველ ჯგუფებსა და უფლებადაცვით ორგანიზაციებს სთავაზობენ, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში ჩაერთონ.

სამოქალაქო სექტორის განცხადებით, ორგანიზაციების მიერ ომბუდსმენის კანდიდატების დასახელების წესი დეტალურად გაიწერება მას შემდეგ, რაც გაფართოებული შემადგენლობის ფორმირება დასრულდება. სამოქალაქო სექტორის შემადგენლობიდან 10 სუბიექტი შეძლებს ომბუდსმენის თითო კანდიდატის დასახელებას. აღნიშნული ინიციატივას ხელს 45 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. შერჩეულ კანდიდატებს მოგვიანებით პოლიტიკურ პარტიებს წარუდგენენ.

“მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სახალხო დამცველი არის ძალიან გადამწყვეტი საქართველოს დემოკრატიისთვის. სწორედ ამიტომ მოხვდა 12 რეკომენდაციაში სახალხო დამცველის არჩევის პროცესი, რომელიც ევროკავშირმა წარმოგვიდგინა. ეს არის ნამდვილად ინკლუზიური პროცესი, სადაც ყველა მხარე იქნება ჩართული, გარდა პოლიტიკოსებისა, სამოქალაქო საზოგადოება იქნება ჩართული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ჩვენ ეს პროცესი, რომ ტრადიციულად, წინა პროცესების მსგავსად, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება ჩართული იყო ამ პროცესში, ახლაც ასე წარიმართოს. მნიშვნელოვანია, ნომინირებული იყოს ისეთი ადამიანი, რომელსაც ექნება გამოცდილება, იქნება პროფესიონალი და ექნება სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. მხოლოდ ერთი პარტიის მხარდაჭერა ნამდვილად ვერ იქნება საკმარისი სახალხო დამცველის არჩევისთვის, ჩვენ გვინდა ისეთი ადამიანები იქნენ წარდგენილი და შემდეგ მხარდაჭერილი, რომელთა დაკავშირებითაც კონსენსუსის მოძიება შესაძლებელი იქნება.

ჩვენი პარტნიორები სულ ამაზე მიგვითითებენ, რომ დავილაპარაკოთ პარლამენტში, პარტიებმა ისაუბრონ და ერთმანეთთან თანხმობით შეარჩიონ სახალხო დამცველი. საქართველოს შეუძლია იამაყოს იმით, რომ ნამდვილად გვყავდა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სახალხო დამცველი, ფაქტობრივად ერთადერთი ინსტიტუტია დარჩენილი, რომელიც არის მიუკერძოებელი. ჩვენი შემდგომი განვითარებისთვის, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პროცესში შეფასების დროს გადამწყვეტი იქნება, პროცესი ინკლუზიური იყოს და ისეთი სახალხო დამცველი შეირჩეს, რომელიც რომელიმე პარტიის შერჩეული არ იქნება არც მასთან აფილირებული”, -განაცხადა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ.

წყარო:interpressnews.ge

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img