საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ თადეოზ სარალიძეს დაედო საეკლესიო სასჯელად (ეპიტიმია) მონასტერში განწესება გარკვეული ვადით.
27 იანვარს დეკანოზმა მღვდელმთავრისგან შენდობა ითხოვა. „ვაღიარებ, რომ შეცდომები დაშვებული იყო ეროვნული, სოციალური და პედაგოგიური კუთხით, რისთვისაც შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან”, – წერდა ის.
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) სახარებისთვის შეუფერებელი უწოდა დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგებას, სადაც ის ამბობდა, რომ ბავშვი თუ პარაზიტია, სჯობს, პატარა მოკვდეს. დეკანოზის ქადაგება 26 იანვარს გავრცელდა მედიაში.
წყარო: radiotavisupleba.ge