ჩხოროწყუში სკოლის მოსწავლეებისთვის სახელმწიფო უწყების საპირფარეშოს სავარაუდოდ, იძულებით დასუფთავების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო
ვინ წაიყვანა ბავშვები მერიაში და რას ამბობს სკოლის დირექცია, რესურსცენტრი და მერია?
რა მოხდა?
ვახტანგ ფირცხალავას სახელობის ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები 25 იანვარს წაიყვანეს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში და, სხვა ოთახებთან ერთად, ტუალეტი დაასუფთავებინეს.
„ვერ ვაკეთებ მე ამას, არ შემიძლია“, – ისმის საპირფარეშოში მყოფი ერთ-ერთი ბავშვის ხმა ვიდეოში, რომელიც „ფეისბუკზე“ გავრცელდა.
1tv.ge-ს ინფორმაციით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის დირექციის თანხმობით, სკოლის მოსწავლეები „დასუფთავების აქციაზე“ წაიყვანა. აღნიშნულმა პირმა ბავშვები ჩხოროწყუს მერიის პირველ სართულზე, საპირფარეშოში შეიყვანა. მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი დაინტერესდა, თუ რატომ იყვნენ ბავშვები მერიის საპირფარეშოში და რატომ ჰქონდათ საწმენდი საშუალებები თან, რის შემდეგაც ბავშვები ტერიტორიიდან გაიყვანეს. ფაქტის შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მერია არ იყო საქმის კურსში და როგორც კი ფაქტის შესახებ გაიგეს, ბავშვები ტერიტორიიდან გაიყვანეს. დათო გოგუას თქმით, რომ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო და აუცილებლად უნდა გაირკვეს, რატომ მიიყვანა აღნიშნულმა პირმა ბავშვები მერიაში.
ფაქტს სწავლობს განათლების სამინისტროც.
ვიდეოში ჩანს, რომ ბავშვები მერიის საპირფარეშოში, ხელსაბანის ოთახში არიან, იატაკზე ქაფიანი წყალია დასხმული და იატაკს რეცხავენ.