საპროტესტო აქცია გრძელდება. დემონსტრანტები “კომენდანტის საათს” არღვევენ და შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვენ. დაუმორჩილებლობის მარშში მონაწილეობენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის პოლიტიკოსებიც. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც “დაუმორჩილებლობის მარშს” მართავენ, ამ წუთებში აღმაშენებლის გამზირზე იმყოფებიან. აქციის ორგანიზატორები წინასწარ არ აკონკრეტებენ დაუმორჩილებლობის მარშის შემდეგი მიმართულება სად იქნება. როგორც აქტივისტები განმარტავენ, თუ ისინი კონკრეტულ მიმართულებას დაასახელებენ, მათ გადაადგილებაში პოლიცია ხელს შეუშლის. სამოქალქო აქტივისტებმა მსვლელობა რუსთაველის გამზირიდან ელბაქიძის ხიდის გავლით დაიწყეს. ისინი აპროტესტებენ 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვისთვის დაწესებულ რეგულაციას და მის მოხსნას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეები მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ და სკანდირებენ “გამოდი”.
კომენტარი გააკეთა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, რომელმაც დაადასტურა რომ აქციის მონაწილეების მიმართ, ვინც კანონს არღვევს, სამართლებრივი ზომები იქნება გამოყენებული, რადგან ისინი კომენდანტის საათის დროს აქციას მართავენ. ასევე მონაწილეების ნაწილს არ უკეთიათ პირბადე.
დაუმორჩილებლობის აქციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი -” ადამიანები, რომლებიც ამ წუთას პოლიციელს პირბადის გარეშე სახეში ასუნთქებენ, ვითომც არაფერი, თოქშოუებში პატრიოტიზმსა და ევროპულ ღირებულებებზე გაგვესაუბრებიან“
დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს “კომენდანტის საათი” და აგრძელებენ პროტესტს
აქციის მონაწილეები საყვირებით, დასარტყამი დოლებით, სასტვენებით და მუსიკის თანხლებით მიემართებიან დედაენის ბაღისკენ, სადაც გეგმავენ, რომ გააგრძელონ პროტესტი და გაათენონ ღამე.
” მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის სახელმწიფოს რაღაც სანქციები აქვს გათვალისწინებული. საბოლოო ჯამში პროტესტი შედეგს აუცილებლად გამოიღებს. არ ნიშნავს რომ დღევანდელი ღამის შემდეგ მთავრობა “გაფუცხუნდება” და რაღაცას შეცვლის, თუმცა, საბოლოო ჯამში, შედეგს გამოიღებს. სხვა ადამიანები გაიგებენ, რომ გაპროტესტებას აზრი აქვს”, – განაცხადა რადიო თავისუფლებასთა ჯაფარიძემ.
როგორც აქციის დაწყებამდე, ერთ-ერთმა ორგანიზატორმა “მოძრაობა სირცხვილიას” წევრმა გიგა მაქარაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ყველაზე მინიმუმი რასაც ითხოვენ, არის კომენდანტის საათის გაუქმება ან გადაწევა:
– “ჩათვალეს, რომ გამოცხადებული შემსუბუქება უნდა ყოფილიყო საკმარისი მიზეზი, რომ პროტესტი არ შემდგარიყო, მაგრამ ვერ მივართვით. ეს ხომ რეალური გახსნა არ არის?! შაბათ-კვირას რომ არ მუშაობენ რესტორნები, 9 – ზე უკვე კომენდანტი რომ არის და მეპატრონეს ამის გამო 7-ზე უწევს ობიექტის დაკეტვა, ხომ არარეალურია, ამან იმუშაოს. ამიტომ, უნდა გაუქმდეს ის უაზრო რეგულაციები, რომლებიც ანგრევს ქვეყნის ეკონომიკას”,
მაქარაშვილის თქმით ისინი ასევე მზად არიან მოლაპარაკებისთვის და მისი თქმით ასევე საჭიროა, რომ საკოორდინაციო საბჭოში საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირი მონაწილეობდეს, რომელიც მიიტანს სათქმელს საზოგადოებამდე დაგეგმილი ცვლილებების შესახებ.
“რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, ჩვენ ხომ არ ვართ მოტივირებული ძალა, რომელსაც უნდა რამე გააფუჭოს, პირიქით, გვინდა ბევრი რამე გაკეთდეს და თუ ამას სახელმწიფო ვერ გვთავაზობს, გადავწყვიტეთ, ხმამაღლა მოვთხოვოთ ქუჩაში გასვლით”, – უთხრა რადიო თავისუფლებას გიგა მაქარაშვილმა.
ამ დრომდე არ გავრცელებულა ცნობა აქციის მონაწილეთა დაჯარიმბის შესახებ. საპატრულო პოლიცია იმყოფება აქციის მონაწილეებთან ერთად და მიჰყვება მათ დანიშნულების ადგილამდე.
გამოყენებულია ასევე რადიო თავისუფლების მასალები