26.11.2024

ლადო პაპავა -„ლარი ასახავს იმას, რაც საქართველოს ეკონომიკას ჭირს“ – Geotimes.com.ge

კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ, მსოფლიო ეკონომიკას უდიდესი პრობლემები შეუქმნა. ამ მხრივ, არც საქართველო აღმოჩნდა გამონაკლისი და იმ ფონზე, როდესაც კოვიდ 19-თან ბრძოლის არანაირი გამოცდილება არ არსებოდა, ისედაც არც თუ ისე ძლიერი ქართული ეკონომიკა, უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა. შეჩერებულ ბიზნესს და შემოსავლის გარეშე დარჩენილ მოსახლეობას ლარის გაუფასურებაც დაერთო.

როგორ შეეხო გლობალური ეკონომიკური კრიზისი საქართველოს და სად არის გამოსავალი? – ამ თემებზე „ჯორიან თამსს“ ეკონომისტი, პროფესორი ლადო პაპავა ესაუბრა:

– ბატონო ლადო, კოვიდ-19-ით გამოწვეულმა გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა, რა გავლენა მოახდინა ქართულ ეკონომიკაზე?

– კოვიდ-19-ით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისი მსოფლიო ფენომენია, რამაც, მეტ-ნაკლებად, ყველა ქვეყნის ეკონომიკაზე იმოქმედა და გასაკვირი არ არის, რომ საქართველოც, როგორც გლობალური ეკონომიკის ნაწილი, ასევე მოექცა ამ კრიზისში.

კრიზისის გამომწვევი მიზეზი, ამ შემთხვევაში, არის არა ეკონომიკაში დაშვებული რაიმე შეცდომა, არამედ – პანდემია. პანდემია, რომლის მართვის ყველაზე ეფექტიან საშუალებას, დღესდღეობით, ადამიანთა შორის დისტანცირება წარმოადგენს. დისტანცირების დაცვა, კი, ხშირ შემთხვევაში, ეკონომიკის სხვადახვა სფეროს გაჩერებას განაპირობებს. სწორედ ამან გამოიწვია კრიზისი. ეს კრიზისი ეკონომიკური მეთოდებით ვერ დასრულდება, რადგან, პირველ რიგში, პანდემია უნდა იქნას დაძლეული მედიცინის მიერ. მანამდე კი, კრიზისი გაგრძელდება გლობალურადაც და საქართველოშიც.

– საქართველოს ეკონომიკამ სერიოზული დარტყმა მიიღო. 2020 წელი ეკონომიკური ვარდნით დასრულდა და ვარდნამ 6,19% შეადგინა. როგორ შეაფასებდით მთავრობის საქმიანობას, რომელიც მან კრიზისის დასაძლევად განახორციელა?

– კორონავირუსის პანდემია მსოფლიოსთვის არის ახალი. ამიტომ, რაიმე მკაფიო კრიტერიუმი კრიზისის დროს რომელი ღონისძიებების გატარებაა უფრო შედეგიანი და რომელი ჯობს არ გატარდეს არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს მსგავსი გამოცდილება და შესაბამისად, რეკომენდაციებიც. ამიტომ, სხვადასხვა მთავრობა, თავისი ცდის და შეცდომის მეთოდით მოქმედებს. განსხვავებულად იმოქმედა, მაგალითად, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, საფრანგეთის, თუ გერმანიის მთავრობებმა.

არსებობს მთავარი პრინციპები, რომელიც გულისხმობს შემდეგს, რომ დაეხმარო სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას, ანუ მოამზადო დახმარების სოციალური პაკეტი და მაქსიმალურად ხელი შეუწყო დროებით შეჩერებულ ბიზნესს. ეს ორი პრინციპი არის დასაცავი და საქართველოს მთავრობა ნამდვილად ცდილობს ამის გაკეთებას. არიან ეკონომიკურად მდიდარი ქვეყნები, რომელთა ხელთ არსებული რესურსიც უფრო დიდია.

საქართველო, ეკონომიკურად შედარებით ჩამორჩენილი ქვეყანაა, ამიტომ, ჩვენი რესურსი აშკარად მწირია ისეთივე პაკეტის განხორციელებისათვის, როგორიც გააკეთა, მაგალითად, აშშ-მა თუ ევროკავშირის წევრმა რომელიმე სახელწმწიფომ. რადგანაც ერთიანი კრიტერიუმი ანტიკრიზისული ღონისძიებების გატარების არ არსებობს, უფრო ზუსტი ანალიზი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კრიზისი დასრულდება და მსოფლიოს ყველა ქვეყნის მიხედვით დაგროვდება გამოცდილება. მათ შორის, საინტერესოა ზოგიერთი აფრიკული ქვეყენის გამოცდილებაც, რომელთაც, სხვადასხვა ვირუსული დააავადებების წინააღმდეგ მოქმედების გამოცდილება უკვე ჰქონდათ. საბოლო შეფასება ჯერ-ჯერობით ნაადრევია…

– თქვენი აზრით, პანდემიის პირველი ტალღის დროს, ქვეყნის სრულმა ჩაკეტვამ რა შედეგები მოიტანა?

– პირველი ტალღის დროს, ქვეყნის ჩაკეტვამ პრაქტიკულად ასპროცენტიანი შედეგი გამოიღო. პროცესი იყო მართვადი. აგვისტოდან, კორონავირუსმა აჭარაში იფეთქა, მაგრამ, სამწუხაროდ, ის არ ჩაკეტეს. ეს დამეთხვა წინასაარჩევნო პერიოდს, რამაც, სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა და გაართულა. ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც კი ჩაიკეტება ქვეყანა, კორონავირუსის გავრცელების ტემპები იზღუდება, როცა გაიხსნება კი, – პირიქით.

მთავარი მიზანი ადამიანის სიცოცხლე, მისი ჯანმრთელობაა. აქედან გამომდინარე, პირველი ტალღისას, მთავრობის მოქმედება დადებითად უნდა შეფასდეს. ხოლო მეორე ეტაპზე, ვგულისხმობ 2020 წლის შემოდგომას, მთავრობას ქვეყანა რომ არჩევნების დროს ჩაეკეტა, მერე იტყოდნენ, – დემოკრატიული არჩევნების ჩატარება არ უნდაო. არჩევნებზე ჩამოსულმა დამკვირვებლებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯი, იმასთან დაკავშირებით, რომ კორანავირუსის ეპიდემიის მიუხედავად, ქვეყანამ არჩევნები მაინც ჩაატარა.

– რეგულაციების სრულად მოხსნის შემდეგ რამდენად შეძლებს ქართული ეკონომიკა “გამოცოცხლებას”?

– ჯერ პანდემია არ დასრულებულა და ამიტომ, ეკონომიკაც ვერ „გამოცოცხლდება“. რეგულაციების სრულად მოხსნა პანდემიის დასრულებამდე გამორიცხულია. პირბადის ტარება გარანტირებული გვაქვს კიდევ დიდხანს, დისტანციის დაცვაც ასევე აუცილებელია. ეკონომიკის სრულ გამოცოცხლება-აღდგენაზე საუბარი, სამწუხაროდ, ძალიან ნაადრევია.

– ლარის მდგომარეობაც არასახარბიელოა. რა გავლენა იქონია მასზე პანდემიამ?

– ლარი ასახავს იმას, რაც საქართველოს ეკონომიკას ჭირს. ჩვენი ეკონომიკა მომხმარებლური მოდელის საფუძველზე ჩამოყალიბდა. საქართველო უფრო მეტს მოიხმარს, ვიდრე აწარმოებს. ეს არის მტკივნეული შეფასება, თუმცა, ჩვენ, სამწუხაროდ, ვყალიბდებით როგორც მომხმარებელი ერი და არა მწარმოებელი. ასეთ ვითარებაში, საგარეო სავაჭრო ოპერაციების გათვალისწინებით, ქვეყნიდან უფრო მეტი დოლარი გაედინება, ვიდრე – შემოედინება. ეს, თავისთავად აისახება ლარის გაცვლით კურსზე. თუ ქვეყანამ არ დაიწყო წარმოების განვითარება, არ გახდა ექსპორტიორი, ამ პრობლემას ვერ დავძლევთ.

ცალკე თემაა საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედება ლართან მიმართებაში. პანდემიის დაწყებამდე, ეროვნული ბანკი აცხადებდა, რომ ლარის კურსი მისი საზრუნავი არ არის. ეს მცდარი მიდგომაა. პანდემიის დაწყების შემდეგ კი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მითითებით შეცვალა სტრატეგიაც და ტაქტიკაც, რასაც მივესალმები. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული შეცდომები იყო დაშვებული, ვფიქრობ, ეროვნულ ბანკსაც დაუგროვდა გამოცდილება იმისა, რომ უკეთესად გაართვას თავი 2021 წელს ლარის გაცვლითი კურსის, მეტ-ნაკლებად, სტაბილურ დონეზე შენარჩუნებას.

– სად ხედავთ გამოსავალს? რა უნდა გააკეთოს მთავრობამ იმისთვის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდეს?

– ახლა ვერაფერს ვერ გააკეთებს, გარდა იმისა, რასაც აკეთებს. ხშირად მომყავს ასეთი მაგალითი: როდესაც სახლს ცეცხლი უკიდია, ამ სახლის რემონტს ვერ დავიწყებთ. ჯერ ცეცხლია ჩასაქრობი. დღეს, ჩვენ ეკონომიკას, ისევე როგორც მსოფლიო ეკონომიკას, პანდემიის ცეცხლი უკიდია. ამიტომ, საქართველოსა და ნებისმიერი ქვეყნის მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების მთავარი საზრუნავი არის პანდემიის ცეცხლის ჩაქრობა. ამის შემდეგ პოსტკრიზისული პროგრამების განხორციელება დაიწყება, სადაც, განსაკუთრებით საქართველოში, აქცენტი უნდა იქნას გაკეთებული ქვეყნის ინდუსტრიულ განვითარებაზე. აუციელებელია სპეციალური, თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკის შემუშავება და ქვეყნის გადაყვანა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის რელსებზე. ამის გარეშე, წარმატებული ეკონომიკის პერსპექტივა საქართველოს არასდროს ექნება.

Geotimes.com.ge

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img