24.11.2024

ბოლო 24 საათში გერმანიაში დასაქმების პორტალზე 53 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა. თუ რეგისტრაცია გსურთ წაიკითხეთ ეს

გერმანიაში დამსაქმებელთათვის განკუთვნილი საიტი http://workabroad.moh.gov.ge , 15 თებერვლიდან ამუშავდა. თუმცა რამდენიმე საათში გადატვირთვის გამო ტექნიკური პრობლემა შეიქნა და ცოტახნით გაითიშა. ხარვეზების აღმოფხვრა ჯანდაცვის სამინისტრომ დღის განმავლობაში მალევე შეძლო და მსურველებს უკვე დარეგისტრირება უპრობლემოდ მოცემულ მისამართზე შეეძლოთ.

საქართველოსა და გერმანიის მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, 3 თვის განმავლობაში გერმანიაში დასაქმების მსურველებს, განსაკუთრებული პირობებით შეუძლიათ დასაქმება. რაც გულისხმობს იმას. რომ გამარტივებულია საქართველოდან გერმანიაში სამუშაოდ წასვლის პირობები. ამ პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფომ გააკეთა სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც უნდა დარეგისტრირდნენ საქართველოს მოქალაქეები.

გერმანიაში მუშაობის ასეთი პრაქტიკა, იმითაა განსხვავებული სხვა ტიპის ასეთი დასაქმებისგან, რომ სახელმწიფო მთლიანადაა ჩართული პროცესებში და უზრუნველყოფს დამსაქმებელთა და დასაქმებულების ურთიერთანამშრომლობას. როდესაც ერთ დღეში, ათასობით ადამიანს გაუჩნდა ქვეყნიდან წასვლის სურვილი, „ვებგაზეთი“ დაინტერესდა იმ ადამიანებით, რომლებმაც გერმანიაში მუშაობა გადაწყვიტეს.

ჩვენი რესპონდენტები პირდაპირ აცხადებენ, რომ გერმანიაში სამუშაოდ წასვლის მიზეზი, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და სამსახურების არარსებობაა. 39 წლის ედვარდ შავაძე, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოდანაა, გერმანიაში სამუშაოდ წასვლის ერთ-ერთი მსურველია. ის საიტზე უკვე დარეგისტრირდა და იმ 10 ათას ქართველს შორის არის, რომელმაც გერმანიაში დასაქმების სურვილით რეგისტრაცია უკვე გაიარა. შავაძე “ვებგაზეთთან“ ყვება, რომ მისი გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში არსებული მძიმე-ეკონომიკური მდგომარეობა და უმუშევრობაა. მისი თქმით, ის ტაქსის მძღოლია, თუმცა იმ თანხას, რომელსაც დღის განმავლობაში გამოიმუშავებს, ძალიან მიზერულია და ოჯახის პატრონს მეტი შემოსავალი სჭირდება. საქართველოში კი, მსგავსი სახის სტაბილური სამუშაო მას შემდეგ ვეღარ ნახა, რაც პანდემია დაიწყო და ყველაფერი გაჩერდა. შავაძე ამბობს, რომ ის პანდემიამდე თურქეთის მოქალაქეებს ემსახურებოდა და შედარებით უკეთესი შემოსავალი ჰქონდა, თუმცა ამ ერთი წლის განმავლობაში ჩაკეტილი ქვეყნის გამო, ის ფაქტობრივად უმუშევარი დარჩა.

39 წლის ედვარდ შავაძე, საქართველოს მოქალაქე; გერმანიაში ლეგალურად დასაქმების მსურველი

„გერმანიაში წასვლის სურვილი, რა თქმა უნდა, უმუშევრობაა. იძულებული ვარ, რომ წავიდე, რადგანაც ტაქსაობიდან გამომუშავებული თანხა იმდენად მიზერულია, რომ ოჯახის რჩენა ამ შემოსავლით ძალიან მიჭირს. 10 წელი ადრეც ემიგრაციაში ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი სხვა ქვეყანაში ცხოვრება რა სირთულეებსაც უკავშირდება. 2 წელი მოსკოვში ვმუშაობდი და 8 წელი თურქეთში. ახლა კი ყველაფერი გაჩერდა და ყველას ძალიან გაგვიჭირდა. სოფლის მეურნეობა ძალიან კარგად ვიცი, რადგანაც წარმოშობით ხულოდან ვარ და მიწაზე მუშაობა არ გამიჭირდება. სოფლის მეურენობაში რაც შევა ყველაფერს მოვუვლი. საქართველოშიც რომ იყოს მსგავსი სამუშაობი და ანაზღაურება, თუნდაც მაგის ნახევარი მაინც, მართლა არავინ არსად წავიდოდა. იქნებ ჩვენს ქვეყანაში დალაგდეს მერე სიტუაცია და საერთოდაც არსად აღარ წავალ. ძალიან დამღლელია ასე მუდმივად ემიგრაციაში წასვლა და ოჯახს მოწყვეტა, მაგრამ რა ვქნათ?!- ყველას ძალიან გაუჭირდა და იძულებული ვარ ისევ ემიგრაციაში წავიდე. როგორც ჩანს ბევრი ადამიანი რეგისტრირდება, ზუსტად არ მახსოვს მერამდენე ვიყავი, დარეგისტრირებულთა რიცხვი სადღაც 6 ათასამდე უკვე ასული იყო“,-აცხადებს „ვებგაზეთთან“ ედვარდ შავაძე.

საქართველოშიც რომ იყოს მსგავსი სამუშაობი და ანაზღაურება, თუნდაც მაგის ნახევარი მაინც, მართლა არავინ არსად წავიდოდა

37 წლის მირზა მიქელაძეც გერმანიაში სამუშაოდ წასასვლელად უკვე დარეგისტრირდა. ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან არის. მიქელაძეც „ვებგაზეთთან“ ყვება, რომ გერმანიაში წასვლის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ქვეყანაში ვერცერთ სფეროში სამუშაო ვერ ნახა. ამიტომაც, მისთვის სოფლის მეურნეობა საკმაოდ მისაღებია, რადგანაც ის მიწასთან შრომას მიჩვეულია. მიქელაძე ამბობს, რომ აჭარაში მშენებლობაზე იყო დასაქმებული, თუმცა ყველაფერი გაჩერდა და ისიც უმუშევარი დარჩა. ამიტომაც, ოჯახის რჩენას ვეღარ ახერხებს. მართალია მცირე წლოვანი ბავშვების დატოვება ძალიან უჭირს, მაგრამ სხვა გზა არ აქვს.

ჩემს ოჯახს რჩენა ხომ უნდა? მშობლები მყავს, ცოლ-შვილი და წარმოუდგენლად მძიმეა, როცა არ გაქვს შესაძლებლობა, რომ სახლში ერთი ორი კაპიკი შეიტანო. პატარა შვილებს ვტოვებ, ერთი ორი წლისაა და მეორე შვიდის

„ვიცით, რომ სოფლის მეურნეობაში უნდა ვიმუშავოთ და ეს საქმე ძალიან კარგად მესმის, რადგანაც მიწაზე საქმიანობის გამოცდილება უკვე მაქვს. რატომ გადავწყვიტეთ წასვლა ალბათ ამას კითხვაც აღარ უნდა, რადგანაც ქვეყანაში უმუშევრობა, გაჭირვება და უსაქმურობაა. არსად არაფერი სამუშაო არ არის. ამ პანდემიამ კი უარესი ქნა. ადრე თუ რაღაცას ვშოულობდით მაინც, ახლა საერთოდ არაფრის გასაქანი აღარ არის. რა თქმა უნდა, ბევრად მირჩევნია ჩემს ქვეყანაში ვიყო და ვიმუშავო, მაგრამ არაფერი არ გამოდის. ხელოსანი ვარ და სამშენებლო ობიექტებზე ვმუშაობდი. ახლა კი ყველაფერი გაჩერდა. ჩემს ოჯახს რჩენა ხომ უნდა? მშობლები მყავს, ცოლ-შვილი და წარმოუდგენლად მძიმეა, როცა არ გაქვს შესაძლებლობა, რომ სახლში ერთი ორი კაპიკი შეიტანო. პატარა შვილებს ვტოვებ, ერთი ორი წლისაა და მეორე შვიდის. მათ გარეშე გამიჭირდება, მაგრამ მათი მომავლისთვის ასე სჯობია. თუ 3 თვეში, უკან რომ დავბრუნდები საქართველოში რამე სამუშავო ვნახე კი დავრჩები, თუ არა და იძულებული ვიქნები ისევ უკან დავბრუნდე. აქ რომ მინიმუმ 1500 ლარი მაინც გამომიჩნდეს, ჩემს ცოლ-შვილთან დავრჩები. არსადაც არ წავალ, მაგრამ ეს თანხაც აღარ იშოვება, ყველაფერი საერთოდ გაყინულია“,-ამბობს მირზა მიქელაძე „ვებგაზეთთან“.

მირზა მიქელაძე, საქართველოს მოქალაქე; გერმანიაში ლეგალურად დასაქმების მსურველი

საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით, სამი თვის განმავლობაში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ. გერმანიაში სეზონური სამუშაოები 1-ლი აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაცია სპეციალურ ვებგვერდზე 15 თებერვლიდან დაიწყო და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი. დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; ასაკი 18 წლიდან 60 წლამდე; გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში

უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; ასაკი 18 წლიდან 60 წლამდე; გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში; ფიზიკური ჯანმრთელობა; მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია; ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას; გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია ერთმა წევრმა მაინც შეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას დამსაქმებელი განსაზღვრავს. სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. სამუშაო დრო გულისხმობს 5-6 დღეს კვირაში და 8-10 საათს დღეში. მინიმალურ ხელფასად კი საათში 9.50 ევროა (დარიცხული) განსაზღვრული, რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.

https://workabroad.moh.gov.ge/

„რეგისტრაციის შემდეგ, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები, კონკრეტული ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, უკავშირდებიან დასაქმების მსურველებს. სერვისცენტრში მისვლისას მსურველს თან უნდა ჰქონდეს პირადობის ელექტრონული მოწმობა და/ან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი. კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმების მსურველთა შესახებ მონაცემები მიეწოდება გერმანელ დამსაქმებელს. დასაქმებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გერმანელი დამსაქმებელი. გადაწყვეტილება ეცნობება თითოეულ მსურველს. გერმანელი დამსაქმებლის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დამსაქმებელი მუშაობის დაწყების მსურველს უგზავნის შრომით ხელშეკრულებას, რომელიც მხარეებს შორის გერმანიაში გამგზავრებამდე გაფორმდება“, – განუცხადეს „ვებგაზეთს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. სამუშაოს მაძიებლისთვის დასაქმებასთან დაკავშირებული მომსახურება უფასოა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img