განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ისევ იყოფა 16 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილეს საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი თანმდევ 57 კანონპროექტთან ერთად. კანონპროექტი განსახილველად, სხდომაზე, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა წარადგინა.
ცვლილებები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზებას ითვალისწინებს. კერძოდ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო რეორგანიზებულ იქნება: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდ და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდ. ანუ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმის დაშლა სურს, რაც ცოტა ხნის წინ თავად გააერთიანა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის თაობაზე მთავრობის საკანონმდებლო პაკეტს, კულტურის საპარლამენტო კომიტეტის შექმნის ინიციატივაც ”მოჰყვა“. კერძოდ, პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტიდან კულტურის სფერო გამოიყოფა და კულტურის კომიტეტად ჩამოყალიბდება.
დადგენილების პროექტი სხდომაზე, მამუკა მდინარაძემ წარადგინა. ორივე მომხსენებელმა ისე დაასრულა კანონპროექტების წარდგენა, რომ დეპუტატებს მათთვის არც კითხვები დაუსვამთ და არც მოსაზრებები გამოუთქვამთ. პირველი მოსმენის პროცესი კითხვების დასმისა და გამოსვლების გარეშე დასრულდა. წარმოდგენილ ცვლილებებს დეპუტატებმა პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი.
კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წელს ზაფხულში შეუერთდა. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით.