24.11.2024

ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.

აღნიშნული გადაწყვეტილებით ჩახნაშვილმა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. სწორედ ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს ნიკა მელიასათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა აცხადებდა, რომ ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები კანონის განაწესებთან კონფლიქტში მოდის. პროკურორი განმარტავდა, რომ ბრალდებულმა შეგნებულად, წინასწარ განზრახულად არ შეასრულა გირაოს პირობები და არ გადაიხადა თანხა, რაც სათანადო ქცევასთან კონფლიქტში მოდის. დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ ნიკა მელია საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო და ამასთან, მის მიმართ დაწესებული ყველა შემზღუდავი ღონისძიება უნდა გაუქმებულიყო.

ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა – მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც. ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გუშინ მიმართა. უწყებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი გუშინ, 88 ხმით მოუხსნა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img