ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გამწვავებულ ქართულ-ოსურ ურთიერთობებს, რომელსაც მესამე მხარის აგრესიული პოლიტიკა (რუსეთის მხარე) კიდევ უფრო ართულებს, ორმაგად აქტუალურსა და მნიშვნელოვანს ხდის ქართველი და ოსი მეცნიერების თანამშრომლობასა და მათ ერთობლივ სამეცნიერო ნაშრომებს. ახლახან მათ რიცხვს ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული სასკოლო ლექსიკონი შეემატა, რომლის ავტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნაირა ბეპიევია, რედაქტორები კი, მწერალი და მთარგმნელი ცხინვალიდან მერი ცხოვრებოვა, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი ნინო პოპიაშვილი არიან.
ეთნიკური დაძაბულობა და კონფლიქტი თავიდანვე შეეხო როგორც ძირითადად სამხრეთ ოსეთის გარეთ მცხოვრებ ეთნიკურ ოსებს, ისე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ქართველებს. ამან ასევე, უშუალო გავლენა იქონია გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ათობით ათასი ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებზე. ასეთ ვითარებაში კი, კულტურულ და სამეცნიერო ურთიერთობებს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია, რომ ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული სასკოლო ლექსიკონი პირველად გამოიცა და იგი ქართველი და ოსი ლექსიკოლოგების, ენათმეცნიერების, ლინგვისტების თანამშრომლობის შედეგია.
ურ-ქართული სასკოლო ლექსიკონი პირველად გამოიცა და იგი ქართველი და ოსი ლექსიკოლოგების, ენათმეცნიერების, ლინგვისტების თანამშრომლობის შედეგია
გამოცემის ავტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნაირა ბეპიევი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთთან ინტერვიუში (თსუ გაზეთი “თბილისის უნივერსიტეტი”) ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ლექსიკონის გამოყენებას ფართო არეალი აქვს. ის გამოადგება ყველას, ვისაც ამ ენის სწავლა სურს. მისი თქმით, , ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული სასკოლო ლექსიკონი ერთგვარი „შუამავალი ენის“ ფუნქციასაც ჩამოართმევს რუსულ ენას, რადგან აქამდე ოსური ენის სწავლებისას, ძირითად, სწორედ რუსულ-ოსურ და ოსურ-რუსულ ლექსიკონს იყენებდნენ. წიგნს დართული აქვს ქართული და ოსური ანბანი, ტრანსლიტერაცია და სხვა სამეცნიერო აპარატურა, რაც კიდევ უფრო გაუადვილებს მსურველებს ოსური ენის შესწავლას. გარდა თავისი პირდაპირი საგანმანათლებლო დანიშნულებისა, ქართულ-ოსურ და ოსურ-ქართულ სასკოლო ლექსიკონს სამშვიდობო მნიშვნელობაც აქვს. ის მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ნდობის აღდგენას ქართველთა და ოსთა შორის, რომელიც ასე საჭირო და აუცილებელია დღეს ქართულ-ოსურ ურთიერთობაში.
ამ დროისთვის ოსური ენა საქართველოს არაერთ სკოლაში ისწავლება
ამ დროისთვის ოსური ენა საქართველოს არაერთ სკოლაში ისწავლება: ქართლში – გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში (შავშვებში, წითელუბანში, ნიგოზაში), კახეთში – ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში (წიწკენაანთსერის, არეშფერნისა და ფონას სკოლებში), ოსურ ენას ასწავლიან, ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სასკოლო ლექსიკონი მნიშვნელოვანია არა მარტო მოსწავლეთათვის, არამედ მასწავლებლებისთვის და ამ ენით დაინტერესებული სხვა პირებისთვის.
ოსურ ენას ასწავლიან, ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
საუკუნეზე მეტია ისწავლება ოსური ენა საქართველოში, ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული სასკოლო ლექსიკონი კი არ არსებობდა. მასწავლებელს ან მოსწავლეს ტერმინები, ცნებები, მათი განმარტებები უნდა ეძებნათ რუსულ ლექსიკონებში. ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული სასკოლო ლექსიკონი მოიცავს 22 000-ზე მეტ სიტყვა-სტატიას და შედგენილია ორენოვანი ლექსიკონების თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით. საგულისხმოა, რომ სასკოლო ლექსიკონში შეტანილია არა მხოლოდ ცალკეული სიტყვები, არამედ ის სიტყვა-სტატიები, რომლებიც აუცილებელია ამ ორი ენის ფლობისთვის, როგორც ენის შესწავლის დაწყებით ეტაპზე, ასევე განვითარებულ საფეხურზეც.