საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ორი ქვეყნის საქართველოს და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ალი ასადოვმა საქართველოს მთავრობის მეთაურს წარმატებული საქმიანობა უსურვა და იგი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში მიიწვია. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის ისტორიულ-კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები თანამშრომლობის ყველა სფეროში კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება.
ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც.
პრემიერის ოფისის ცნობით, ილჰამ ალიევმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის პროდუქტიული თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების დინამიურად გაგრძელების მნიშვნელობაზე.
„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას.
აზერბაიჯანი და საქართველო დაკავშირებულნი არიან ღრმა ისტორიული ფესვების მქონე მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობებით. მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პროდუქტიული თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები დინამიურად გაგრძელდება და გაფართოვდება ჩვენი მჭიდროდ დაკავშირებული ერების ნების საფუძველზე.
ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში მეგობრული ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“, – წერს ილჰამ ალიევი მილოცვაში.
ჯერ კიდევ 22 თებერვალს, ირაკლი ღარიბაშვილმა დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „მჯერა, ილჰამ ალიევი და ჩვენ მივიღებთ გონივრულ გადაწყვეტილებას, შევძლებთ მოლაპარაკებასა და საერთო ენის გამონახვას“
მისი თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს ძალიან ახლო სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა, რომელსაც ბრძენი მმართველი ჰყავს.
„დავით გარეჯი არის თვალსაჩინო მაგალითი ღალატის და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებების მიღების, სააკაშვილის მიერ, უშუალოდ მის მიერ. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი ძალიან ახლო სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც მართავს ბრძენი მმართველი ილჰამ ალიევი, რომელთანაც მე მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. ერთ-ერთი პირველი ვიზიტი ალბათ აზერბაიჯანში შედგება, იმის მიხედვით, როგორ საშუალებას მოგვცემს კოვიდსიტუაცია. ჩვენ გვექნება დიალოგი ჩვენს მოძმე სახელმწიფოსთან. მჯერა, რომ ბატონი ალიევი და ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანული მხარე და ჩვენ მივიღებთ გონივრულ გადაწყვეტილებას, შევძლებთ მოლაპარაკებას და საერთო ენის გამონახვას, ჩვენ ეს არ გაგვიჭირდება.
ის სიცრუის პროპაგანდა, რომელსაც ამ საქმესთან მიმართებაში აწარმოებენ, რა თქმა უნდა, თვალსაჩინო, კლასიკური მაგალითია, რომ თურმე დავით გარეჯის საქმე არის მოგონილი საქმე, ამ დროს თავად, ეს შემსრულებლები ვინც არიან, თავად აღიარეს მათ, რომ ეს არ ყოფილა ჩვენი ტერიტორიის ნაწილი, რაც პირდაპირი ღალატი არის, აბა, რა არის ეს. რომელი სახელმწიფო, რომელი თავმოყვარე ერი შეიწყნარებს ასეთ დამოკიდებულებას? რომელ ქვეყანაში წარმოგიდგენიათ თქვენ ეს? ევროპა დამისახელეთ, არა ევროპა, აფრიკაში ნებისმიერი სახელმწიფო. ყველა სახელმწიფო უფრთხილდება თითო გოჯ მიწას, თითო სანტიმეტრ მიწას, ჩვენ რა გვჭირს? რა უბედურება გვჭირს, რომ ვარიგებთ და ვანიავებთ ჩვენს მიწებს და პასუხს არ ვთხოვთ დამნაშავეებს. ასე არ შეიძლება, მეგობრებო, ეს უნდა დასრულდეს, ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას. ეს პროცესი იყო და იყო უდიდესი ნაღმი ჩადებული იმისთვის, რომ გაუგებრობა ჩამოვარდნილიყო აზერბაიჯანთან. ეს ასე რომ გაგრძელებულიყო, ამას ხომ ვერ დამალავდნენ, ამას ხომ გაიგებდა საზოგადოება, ამაზე საუბრობდა ჩვენი ეკლესია. საუბრობდა, რომ არასწორი ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ამ კომისიის მიერ 2012-წლამდე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სავარაუდოდ პრემიერ ღარიბაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი სწორედ ბაქოში შედგება მას შემდეგ რაც საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია ჩაწყნარდება.