„მთელს მსოფლიოში ასეა, რომ ოფიციალურად რეგისტრირებულ რაოდენობასთან შედარებით, რეალურად კოვიდგადატანილების რაოდენობა ორჯერ ან სამჯერ მეტია. ასეა მსოფლიო სტატისტიკით. ჩვენ ახლა ვიწყებთ კვლევას და დაახლოებით 20 დღეში გვეცოდინება რამდენი კოვიდგადატანილია საქართველოში.“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, კვლევა 9 მარტიდან დაიწყება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, მოქალაქეებს კორონავირუსის ანტისხეულებზე გამოიკვლევენ.
„ოფიციალურად რეგისტრირებულ რაოდენობასთან შედარებით, რეალურად კოვიდგადატანილების რაოდენობა ორჯერ ან სამჯერ მეტია. ასეა მსოფლიო სტატისტიკით. ჩვენ ახლა ვიწყებთ კვლევას და დაახლოებით 20 დღეში გვეცოდინება რამდენი კოვიდგადატანილია საქართველოში. ადამიანებში, ანტისხეულების შემცველობას შემთხვევითი შერჩევითი პრინციპით შევისწავლით ანუ მათ გამოვიკვლევთ, ვინც ოფიციალურად არ არიან კოვიდინფიცირებულებში რეგისტრირებულები. გავარკვევთ, ოფიციალურად რეგისტრირებულ 272 ათას კოვიდგადატანილის გარდა, კიდევ რამდენს აქვს გადატანილი. ამის მიხედვით უნდა დაიგეგმოს და შესრულდეს ვაქცინაციის გეგმა.
ჩვენ რომ ვამბობთ, მოსახლეობის 60-65% უნდა იყოს აცრილი, ზუსტად არ ვიცით, მაგრამ იქ ვგულისხმობთ, რომ დაახლოებით კიდევ 15-20%-ს ამ დროისთვის, გადატანილი ექნება და ის 15-20% დაემატება 60-65 %-ს, მივიღებთ დაახლოებით 80%-იან იმუნურ ფენას. 80%-იანი იმუნური ფენა, პრინციპში საკმარისია, რომ პანდემია დავამარცხოთ. ცალკეული შემთხვევები იქნება, როგორც ეს გრიპის შემთხვევებშია, მაგრამ კლინიკური სექტორი იოლად გაუსწორდება“, – განაცხადა ცერცვაძემ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“.