“ზოგადად, ეს კვლევა გვაჩვენებს, რომ იმ პროცესების გამო, რაც მოვაწყვეთ, პოლიტიკის მიმართ ადამიანებში ნიჰილიზმია” –განაცხადა „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „ენდიაის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შეფასების დროს.
„ყველას რეიტინგი დაკლებულია. ვიღაცას ხომ უნდა მომატებოდა და არავის არ მოემატა, ყველას დააკლდა. ანუ ადამიანები ამბობენ, წადი თქვენი დედაც ვატირეო, ეგ არის გამარჯვებაც. სინამდვილეში, ეს პოზიცია იმარჯვებს ამ გამოკითხვის მიხედვით. პოლიტიკის მიმართ არის ზოგადად ნიჰილიზმი, მომატებულია რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამბობენ, რომ არც ერთი არ მინდა, საერთოდ თავი დამანებეთ. ეს სრულიად ბუნებრივია ამ ხუთთვიანი სანტა ბარბარას შემხედვარე. ვფიქრობ, ერთი „გირჩია“ დათვლილი, მე ასე წარმომიდგენია, რადგან ხან „გირჩი“ წერია და ხან „გირჩი მეტი თავისუფლება“. ჩემი აზრით, წინასაარჩევნო პერიოდის მდგომარეობით დაახლოებით, იდეა „გირჩია“ გაზომილი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტმა დღეს გამოაქვეყნა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარებული კვლევის შედეგები.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მონაცემებით, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ახლოს, გამოკითხულთა 23 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს.
გამოკითხულთა 7 პროცენტი აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 40 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ მათთან ახლოს არც ერთი პარტია არ არის, 14 პროცენტმა კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა, 8 პროცენტმა კითხვაზე პასუხი არ იცის, 7 პროცენტი კი სხვა პარტიებს ასახელებს („ევროპული საქართველო“,„გირჩი-მეტი თავისუფლება“, „ლელო“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორისტული პარტია“, „სტრატეგია აღმაშენებელი“).