„უკან გაბრუნებთ, უნდა წახვიდეთ ირანში ან თურქეთში, სულ ესაა. გასაგებია?! ესაა მიზეზი. აქ კითხვების დასმის ადგილი არ არის, ეს საზღვარია… არავინ ხართ. მე საქართველოს მცველი ვარ, რაც უფლებას მაძლევს, ისე გელაპარაკოთ, როგორც მომინდება…“ – ეს არის ფრაგმენტი აუდიოჩანაწერიდან, რომელიც bm.ge-ს საქართველოს საზღვრიდან გაბრუნებულმა თურქმენეთის მოქალაქემ მიაწოდა. მან ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა გვიყვება, რომ დღეს, გამთენიისას, საქართველოში თურქეთიდან ჩამოფრინდა, მაგრამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მესაზღვრეებმა ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.
აღსანიშნავია, რომ ეს ის უცხოელი ვიზიტორია, რომელიც 2020 წელს საქართველოში სამთავრობო პროგრამის – „იმუშავე საქართველოდან“ ბენეფიციარი იყო და თბილისში ცხოვრობდა; შემდეგ ქვეყანა დროებით დატოვა და 12 თებერვალს, როცა ისევ ჩამოსვლა გადაწყვიტა, მესაზღვრეებმა უკან გააბრუნეს და ახსნა-განმარტებაში მიზეზად „სხვა“ ჩაუწერეს ანუ არაფერი კონკრეტული.
BM.GE-ისთან საუბრისას ვიზიტორი ირწმუნება, რომ თებერვალშიც და ახლაც თბილისის აეროპორტში საზღვარზე ყველა საჭირო დოკუმენტი წარადგინა და აღნიშნა, რომ მას შეეძლო, როგორც თურქმენეთის მოქალაქე, ისე შემოსულიყო, რადგან ამ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა დაშვებულია.
„საზღვარზე წარვადგინე როგორც ნეგატიური PCR-ტესტის პასუხი, ასევე მისამართი, სად უნდა გავჩერებულიყავი; ვაჩვენე უკან დასაბრუნებელი ბილეთიც, მქონდა თანხაც… მიუხედავად ამისა, მესაზღვრეებმა მომთხოვეს სასტუმროს ჯავშანი, რაც არ მქონდა. განვუმარტე, რომ ქვეყანაში პირველად არ შემოვდიოდი და აქამდე სასტუმროს ჯავშნის მოთხოვნა აუცილებლად წარსადგენი საბუთების სიაში არ ყოფილა. ცოტა ხნის შემდეგ განმიცხადეს, რომ უკან მაბრუნებდნენ, მაგრამ ისევე როგორც წინა შემთხვევაში, ახლაც ზუსტი მიზეზი არ დაუსახელებიათ, მეტიც შეურაცხყოფაც მომაყენეს“, – ამბობს უცხოელი ვიზიტორი.
აეროპორტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.
ბი ემ ჯი-ს მასალა