ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ გააზრებული აქვთ შეთანხმების მიღწევის აუცილებლობა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.
„ვებგაზეთი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს დემოკრატიულ, ოპოზიციურ პარტიებს გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, მის სპეციალურ წარმომადგენელს კრისტიან დენიელსონს, ასევე საქართველოს მეგობრებს ევროკავშირსა და აშშ-ში, იმ მონდომების, მცდელობისა და მნიშვნელოვანი ინიციატივებისთვის, რაც მათ გამოთქვეს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად.
ჩვენ გააზრებული გვაქვს შეთანხმების მიღწევის აუცილებლობა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩვენ ვიზიარებთ როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე საერთაშორისო მეგობრების სურვილს, რაც შეიძლება, სწრაფად მივაღწიოთ შეთანხმებას და დავძლიოთ პოლიტიკური კრიზისი.
ამავე დროს, ჩვენ ვერ მოვიტყუებთ თავს და შეთანხმების ფორმალურად მიღწევის საბაბით, გადაუჭრელს ვერ დავტოვებთ საკვანძო საკითხებს, რაც კიდევ უფრო წაახალისებს რეჟიმის ავტორიტარულ ინსტინქტებს. დემოკრატიულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მაქსიმალური მოქნილობა ვაჩვენეთ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რის საპასუხოდაც, ხელისუფლება ხისტი უარის პოზიციაში ჩადგა.
პრეზიდენტ მიშელის საქართველოდან წასვლის მეორე დღეს, პრემიერმა ღარიბაშვილმა საჯაროდ უარყო ის მზაობა, რაც წინა დღეს პრეზიდენტ მიშელის თანდასწრებით გამოხატა. მან თქვა, რომ არც კი განიხილავს ახალ არჩევნებთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის აუცილებლობას, ასევე უარყო პოლიტიკური კრიზისის არსებობა საქართველოში.
სწორედ ღარიბაშვილის ამ რიტორიკის გაგრძელება იყო ხელისუფლების წარმომადგენლების ქცევა მოლაპარაკებების პროცესში. მათ პრეზიდენტ მიშელის ექვსი პუნქტიდან არსებითი პროგრესის მიღწევა არცერთთან დაკავშირებით არ მიაჩნიეს დასაშვებად, ხოლო ორი საკითხის (ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრები) განხილვაზე პრაქტიკულად უარი თქვეს. ხელისუფლების ამ პოზიციის გამოძახილია ევროკავშირში საქართველოს ელჩის ნატა საბანაძის გადადგომა, რომელმაც საჯაროდ მიანიშნა პრობლემის არსზე.
გვსურს, კიდევ ერთხელ, მოკლედ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია პრეზიდენტ მიშელის მიერ კრიზისის დასაძლევად შემოთავაზებული გზამკვლევის ყველა პუნქტთან დაკავშირებით.
ახალი არჩევნების საკითხი – 8 მარტს დადებული შეთანხმების დარღვევამ, გიორგი რურუას ციხეში დატოვებამ, გარეჯის საქმის პოლიტიკური დაკვეთით დაწყებამ, რომლის ამოცანაც პოლიტიკური ოპოზიციის დემონიზება იყო, ოპონენტების პოლიტიკურმა დევნამ, საარჩევნო კამპანიის დროს ოპოზიციის მიმართ დაუსჯელმა ძალადობამ, წინასაარჩევნოდ მოსყიდვის და ადმინისტრაციული რესურსის არნახულმა მასშტაბმა, არჩევნების დღეს ამომრჩევლის კონტროლის “კარუსელებმა”, ბიულეტენების ჩაყრამ, ოქმების მანიპულაციებმა და სასამართლოების მიერ საარჩევნო დავების განხილვაზე ორგანიზებულმა უარმა, გამორიცხა 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების შედეგების მიმართ ნდობა.
არჩევნების შემდგომ პერიოდში, ისედაც რთულ პოლიტიკურ ვითარებაში, ხელისუფლებამ შტურმით აიღო ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ოფისი და დააპატიმრა მისი ახლადარჩეული თავმჯდომარე ნიკა მელია, რასაც წინ უძღოდა ივანიშვილის ფორმალურად გადადგომა პარტიის თავმჯდომარეობიდან და საჯარო პოლიტიკიდან მისი გაწევა. ასევე, მელიას ამგვარი ფორმით დაპატიმრების პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა პრემიერმა გიორგი გახარიამ. ივანიშვილი და გახარია რეალურადაც და ფორმალურადაც ის ცენტრალური ფიგურები იყვნენ, რომლებსაც მხარი დაუჭირა “ქართული ოცნების” ამომრჩეველმა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ახალი, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ლოგიკური აუცილებლობა და ევროპული დემოკრატიული ტრადიციის შესაფერისი ნაბიჯია.
ხელისუფლების წარმომადგენლები საჯაროდ ამ საკითხის განხილვაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ, არასაჯაროდ კი, გამოსავლად საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხის თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე მიბმას გვთავაზობენ. ამ ორი პრინციპულად და შინაარსობრივად განსხვავებული არჩევნების ერთმანეთთან დაკავშირება იწვევს თვითმმართველობის და საპარლამენტო მმართველობის შესახებ მოქალაქეების გადაწყვეტილების მიღების პროცესების აღრევას. ასეთი მოდელი მხოლოდ დამაბნეველი იქნება საზოგადოებისათვის მაშინ, როდესაც ამომრჩევლებს მარტივი და მკაფიო არჩევანი უნდა ჰქონდეთ, და შესაბამისად, არ გამოდგება ტესტად ვადამდელი არჩევნების საკითხზე. სწორედ ამიტომ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავუჭერთ ამ მოდელს მხარს.
ოპოზიციას მოქნილი პოზიცია აქვს როგორც ვადამდელი არჩევნების თარიღთან (ბუნებრივია, გონივრულ ფარგლებში), ისე ამ შედეგამდე მისასვლელ გზასთან დაკავშირებით. ზოგი ჩვენგანი თვლის, რომ ერთადერთი გზა ახლა პირდაპირ ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა, ზოგმა კი, კრიზისის განმუხტვის მიზნით ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ უმრავლესობის აზრის გაგებას, პლებისციტს დაუჭირა მხარი.
პოლიტიზებული მართლმსაჯულება და პოლიტპატიმრები – პოლიტიკური ნიშნით ოპონენტების დევნა, ოპოზიციური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტების, კრიტიკულად განწყობილი მედიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების წარმოება და მათი დაკავება, შერჩევითი მართლმსაჯულება შეუთავსებელია ლიბერალურ დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციასთან. ოპოზიციას აქაც მოქნილი პოზიცია აქვს. ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა და არ არის ხელისუფლების მხრიდან საჯაროდ აღიარება, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები ჰყავს – ამ ეტაპზე ავტომატურად გადაწყვეტს საკითხს ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი ფორმით გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, ასევე, პოლიტიკური მოტივით დაწყებული საქმეების შეწყვეტა.
საარჩევნო სისტემის/ადმინისტრაციის რეფორმა – არჩევნები უნდა ტარდებოდეს სრულად პროპორციული, ბუნებრივბარიერიანი ან მასთან მიახლოებული სისტემით, რადგან ეს არის ერთადერთი გამოსავალი როგორც დღეს არსებული პოლარიზაციის, ისე ათწლეულობით მოუშორებელი ერთპიროვნული/ერთპარტიული მმართველობის დასასრულებლად.
რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, მისი ფორმირების და ფუნქციონირების წესი შეუძლებელს უნდა ხდიდეს მმართველი პარტიის სრულ დომინაციას, რასაც წლების განმავლობაში ვხედავთ. ოპოზიცია თანახმაა ნებისმიერ ქმედით მექანიზმზე, რომელიც შეცვლის არსებულ საარჩევნო ადმინისტრაციას და გამორიცხავს დღევანდელი ან მომავალი პოლიტიკური ოპოზიციის იგნორირებას საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების პროცესში, ხოლო საარჩევნო წესები უნდა გამორიცხავდეს ან მაქსიმალურად ამცირებდეს ამომრჩევლების მოსყიდვის ან მათზე ზეწოლის შესაძლებლობას.
ამისთვის ოპოზიციას შეთავაზებული აქვს როგორც ელექტრონული კენჭისყრის რეალისტური მექანიზმების შემოტანა, ასევე ამომრჩევლების იდენტიფიცირების და კენჭისყრის ფარულობის ეფექტიანი უზრუნველყოფა. ეს აუცილებელი ცვლილებები ამ ეტაპზე არაა ასახული პარლამენტში მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პროექტში.
სასამართლოს რეფორმა – ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს შემუშავებული და საჯაროდ გამოქვეყნებული აქვს საკუთარი ხედვა თუ როგორ უნდა რეფორმირდეს მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში, მაგრამ ყველა შემთხვევაში, საწყისი ნაბიჯი აუცილებლად უნდა იყოს არსებული იუსტიციის საბჭოს, როგორც სრულად ნდობადაკარგული ორგანოს შეცვლა. იქამდე უნდა შეწყდეს ამ საბჭოს მიერ სასამართლოების დაკომპლექტება. აქაც, საარჩევნო ადმინისტრაციის მსგავსად, ნებისმიერი რეფორმა უნდა მოიცავდეს დღევანდელი თუ მომავალი ოპოზიციის იგნორირების შეუძლებლობას მართლმსაჯულების სისტემის ფორმირებისას.
ძალაუფლების გადანაწილება პარლამენტში – საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებისა და ფუნქციების გადანაწილება ნებისმიერ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ამ საკითხზე შეთანხმება ვერ გადაწონის სხვა საკითხებს. ოპოზიციის ინტერესშია არა დღევანდელ პარლამენტში კონკრეტული თანამდებობების დაკავება, არამედ ზოგადად ტრადიციის შექმნა საპარლამენტო კონტროლში ნებისმიერი ოპოზოციის ეფექტიანი მონაწილეობისთვის.
ჩვენ გვესმის, რომ ნორმალურ პოლიტიკურ ვითარებაში ყველა პოლიტიკური ძალის ადგილი, ვინც მანდატი მოიპოვა, პარლამენტშია, იქ, სადაც პოლიტიკური საკითხები უნდა წყდებოდეს. სწორედ ამ პუნქტებში ჩამოყალიბებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი რეფორმების გასატარებლად და დღევანდელ მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ვართ მზად, შევიდეთ დღევანდელ პარლამენტში.
ხელმომწერ პარტიათა დიდ ნაწილს არჩევნებზე მარცხის აღიარების გამოცდილება გვაქვს. მიგვაჩნია, რომ იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც არჩევნების შედეგები საყოველთაო ნდობას იწვევს, საკვანძოა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. ყველაზე დიდი ზიანი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობის მიმართ ნდობის დაკარგვაა, რაც დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება 2012 წელს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ შეინარჩუნოს ნდობა საარჩევნო პროცესის, როგორც უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული მექანიზმის მიმართ.
ჩვენი ეს პოზიცია ნაკარნახევია სურვილით, შეიქმნას იმგვარი რეალობა, სადაც დამარცხებული გამარჯვებულს ულოცავს, ხოლო საზოგადოებას პროცესის მიმართ ნდობა დაკარგული არ აქვს. ამის საწინააღმდეგო ნებისმიერი რეალობა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის, რეგიონში დემოკრატიული პროცესების მთავარი მტრის ინტერესებშია”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
ზურა ჯაფარიძე – “გირჩი მეტი თავისუფლება”;
„ლელო“,
ელენე ხოშტარია- დროა;
„ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „პროგრესი და თავისუფლება”,
მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“.