პრეზიდენტ შარლ მიშელის 6 – პუნქტიან გეგმაში განსაკუთრებით ხაზგასმულია მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხი და არჩევნებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა ელჩებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც დანიელსონმა აღნიშნა, საქართველოში სტრუქტურული რეფორმების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.
„იცით იმ 6 – პუნქტიანი გეგმის შესახებ, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა წარადგინა. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ მართლმსაჯულების სისტემის თემაზე და შერჩევითი სამართლის საკითხებზე, ეს საკითხები ამ კონტექსტში განიხილება. მინდა ვთქვა, რა არის აქ არსებითი – სტრუქტურული რეფორმები საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნდობა, როგორც სახელმწიფოს ქმედებები სხვადასხვა საკითხში, ასევე არჩევნებთან მიმართებით. ამიტომაც, პრეზიდენტ მიშელის ამ 6 პუნქტიან გეგმაში განსაკუთრებით ხაზგასმულია მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხი და არჩევნებთან დაკავშირებული კანონმდებლობა“, – განაცხადა დანიელსონმა.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს, გვიან ღამით ჩამოვიდა. დანიელსონი 28 მარტს უკვე შეხვდა საქართველოში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან მედიაციის პროცესს კი ორშაბათიდან, 29 მარტიდან განაახლებს.