საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) წარმომადგენელი გვანცა წულუკიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი იქნება, საზოგადოებრივი ნდობის დაბრუნების თვალსაზრისით რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.
მისი თქმით, არჩევნებს წინ უნდა უძღოდეს საარჩევნო რეფორმა.
წულუკიძის განცხადებით, შეხვედრაზე საარჩევნო რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბარეს და ხაზი გაუსვეს, რომ ეს “აუცილებლად უნდა იყოს კომპლექსური და მრავალმხრივი რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მომდევნო არჩევნებში არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარებას”.
“მიმაჩნია, რომ იმ პოლიტიკურ კრიზისში, რომელშიც შევედით და იმ ვითარებაში, როცა საზოგადოებას ამ ბოლო არჩევნების მიმართ ნდობა არ გააჩნია, მნიშვნელოვანი იქნება, საზოგადოებრივი ნდობის დაბრუნების თვალსაზრისით ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, ანუ მორიგი არჩევნები. თუმცა, ხაზს ვუსვამ, ამ არჩევნებს წინ აუცილებლად უნდა უძღოდეს საარჩევნო რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მომდევნო არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარებას”, – თქვა მან.
მისივე განცხადებით, შეხვედრაზე ძირითადი აქცენტები სასამართლო სისტემაში განსახორციელებელ რეფორმებზე გააკეთა.
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს მედიაციის პროცესთან დაკავშირებით მიმართავენ და სთავაზობენ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ხედვას, რომელიც შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ 6-პუნქტიან დოკუმენტს ეყრდნობა.