„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ბათუმში, ოპოზიციის ოფისებთან, საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს – “ცოცხების აქცია”. მათი განცხადებით, ეს არის კონტრაქცია და პასუხი მოძრაობა სირცხვილიას მიერ გუშინ გამართულ დაუმორჩილებლობის წვეულებაზე.
აქტივისტებმა ცოცხებით ხელში მსვლელობა მემედ აბაშიძის ქუჩიდან დაიწყეს. პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისთან ცოცხები დატოვეს და მსვლელობა განაგრძეს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მიმართულებით. იქ მისულ აქციის მონაწილეებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დაკეტილი დახვდათ, თუმცა პარტიის რამდენიმე წევრი ადგილზე იმყოფებოდა.
აქციის მონაწილეებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ვითარება ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ განმუხტა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, კონტრაქციის მონაწილეთა უმრავლესობა საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანია და პარტიულ დავალებებს ასრულებს.