საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენაზე მორატორიუმის გამოცხადების ინიციატივით გამოდის.
მისი განმარტებით, ყველა მხარემ თავი რომ შეიკავოს სიძულვილის ენისგან, ქვეყანაში განწყობები და ატმოსფერო შეიცვლება. პრეზიდენტის განმარტებით, იმის გამო, რომ საქართველო განწყობების ქვეყანაა, ასეთი მიდგომით, საზოგადოება კიდევ უფრო გაძლიერდება.
„ინიციატივა, რომელიც, მე მგონი, საჭიროა ყველასთვის და ეს არის არა ჩემი, არამედ საზოგადოების მოთხოვნა და მე მინდა, რომ ამ საშუალებით თქვენ და სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც აქ არ იმყოფებიან დღეს გადავცეთ: მგონი, დრო მოვიდა, მორატორიუმის გამოცხადების სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენაზე. თავი რომ შევიკავოთ ამისგან, მე მგონი, შეიცვლება ზოგადად ქვეყანაში ატმოსფერო და განწყობები. ჩვენ ვართ განწყობის ქვეყანა და ეს განწყობა რომ შეიცვლება და უფრო სხვანაირად შევხედავთ ერთმანეთს და მომავალს, მგონია, რომ ეს ყველაფერი ჩვენ ყველას გაგვაძლიერებს,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, ზურაბიშვილი კიდევ ერთი ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც, ვაკის პარკში სხვადასხვა ბრძოლაში დაღუპული ქართველების მემორიალები უნდა განთავსდეს.
„ამის შესახებ დღეს გაიგზავნა წერილი მთავრობასთან, თბილისის მერთან და იმ მინისტრებთან, რომლებიც არიან ამაზე პასუხისმგებელი, იმისთვის, რომ 100 წლის თავზე, ჩვენ შევქმნათ მრავალი მემორიალი ვაკის პარკში, სადაც დღეს მიმდინარეობს რეაბილიტაცია, იმისთვის, რომ იქ ყველასთვის, ვინც იბრძოდა სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა ფორმით საქართველოს დამოკიდებლობისთვის, იყოს ადგილი განკუთვნილი. ეს იქნება ადგილი, სადაც ყველა შეძლებს, რომ მათ პატივი მიაგოს, სადაც საშუალება გვექნება, რომ ჩვენს ახალგაზრდა თაობებს ვასწავლოთ სწორედ ამ 100 წლის ბრძოლების ისტორია და როცა ჩამოვლენ ჩვენი უცხოელი სტუმრები, ცოტა უფრო ღირსეულად მივიყვანთ პატივის მისაგებად, რადგან რაც დღეს ხდებოდა 9 აპრილის მემორიალთან და რაც ხდება პრაქტიკულად, სამწუხაროდ, ყოველ წელს, არის, მგონი, სრულიად მიუღებელი. ეს არ არის ფორმა, როგორც უნდა მივაგებდეთ პატივს და ამიტომ, უფრო შესაფერისი ადგილი და ფორმა უნდა მოინახოს ამისთვის,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.