მედიაციის პროცესში ჩართულმა მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კომპრომისულ წინადადებას, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ მედიაციის პროცესში ჩართულ ყველა პოლიტიკურ აქტორს გაითვალისწინონ ქვეყანაში არსებული კრიზისული მდგომარეობა, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მომავლისთვის შექმნილი საფრთხე; შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას საერთო საზოგადოებრივი ინტერესებით იხელმძღვანელონ.
„ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, მედიაციის პროცესში ჩართულ მხარეებს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მიზნით ახალი, კომპრომისული წინადადება შესთავაზა. წინადადება ითვალისწინებს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას, საარჩევნო და სასამართლო რეფორმას, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილების საკითხს და მათი განხორციელების ვადებს. შესაძლოა, დოკუმენტი ბოლომდე არ ასახავდეს ჩართული მხარეების ყველა მოთხოვნასა და ინტერესს, თუმცა კომპრომისი სწორედ ასეთ შეუთანხმებელ საკითხებზე დათმობასა და კონსესუსის მიღწევას გულისხმობს.
მისასალმებელია, რომ მედიაციაში ჩართულმა ცალკეულმა პარტიებმა დოკუმენტის ხელმოწერის მზაობა გამოხატეს, თუმცა სამწუხაროდ, ნაწილის ნება არ არის მკაფიოდ გამოხატული.
საქართველოს წინაშე არსებული საგარეო საფრთხეები, მძიმე ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები ყველა პოლიტიკური პარტიისგან მოითხოვს ისეთ კომპრომისს, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკურ პლურალიზმს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოში, რაც დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღების წინაპირობაა.
დასავლელი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა და წარმოდგენილი კომპრომისული წინადადება შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასრულების რეალური გზაა. მოვუწოდებთ მედიაციის პროცესში ჩართულ ყველა პოლიტიკურ აქტორს გაითვალისწინონ ქვეყანაში არსებული კრიზისული მდგომარეობა, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მომავლისთვის შექმნილი საფრთხე. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელონ საერთო საზოგადოებრივი ინტერესებით, ხელი მოაწერონ წარმოდგენილ დოკუმენტს და მისი იმპლემენტაცია მოახდინონ საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში რომელსაც ხელს აწერენ: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“; „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.