პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა უკვე გახდა მდგრადი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შარლ მიშელის განცხადებით, მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმება არის ახალი ეტაპის დასაწყისი და საჭიროებს ძალიან ბევრ შრომას, რომელიც საქართველომ უნდა განვლოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით.
,,დღევანდელი ვიზიტი განსაკუთრებით სასიამოვნოა, ვინაიდან, დღეს არის დღე, როდესაც პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა უკვე გახდა მდგრადი. დღეს გახლავთ ახალი დასაწყისის ეტაპი, რომელიც საჭიროებს ძალიან ბევრ შრომას, რომელიც საქართველომ უნდა განვლოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. ქართველმა პოლიტიკოსებმა მიაღწიეს ამ შეთანხმებას და ეს მიღწევა თქვენ გეკუთვნით. მე ვუწყი, რაოდენ დიდი ძალისხმევა არის ჩადებული ამ მიმართულებით და რას მოითხოვს ეს მომავალში. მე ვიცი, რომ ეს არ გახლდათ ადვილი პროცესი, თუმცა ახლა გამოწვევები უფრო მარტივი სამართავია და ადამიანები ელოდნენ ამ შედეგს. მე მადლობას გადავუხდი პრემიერ-მინისტრს, ასევე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს მათი მზაობისთვის და გადადგმული ნაბიჯისთვის და მადლობას გიხდით თქვენ, ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენი მზაობისთვის და იმისთვის, რომ მაქსიმალურად ბრძანდებით ჩართული ამ მიმართულებაში, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას უკავშირდება.
უფრო მეტი საქმე იწყება დღეს და ეს შეთანხმება კარგ საფუძველს უქმნის სამომავლო რეფორმებს, ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირი-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას და ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ. რასაკვირველია, საქართველო ძალიან ბევრს იშრომებს იმისთვის, რომ განახორციელოს როგორც საარჩევნო, ასევე სამართლებრივი რეფორმები, რომლებიც სასიკეთო შედეგებს მოიტანს საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.