თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 29 აპრილიდან 17 მაისამდე სრული ლოკდაუნის რეჟიმი იმოქმედებს.
„29 აპრილის 19:00 საათიდან 17 მაისის 05:00 საათამდე სრული ლოკდაუნი ამოქმედდება. ყველა ოფისი, სამუშაო ადგილი დახურული იქნება. საქალაქთაშორისო მოძრაობა სავალდებულო ნებართვით განხორციელდება, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი 50%-იანი დატვირთვით იმუშავებს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კაფეები და რესტორნები მხოლოდ მიტანის სერვისით იმუშავებენ, სუპერმარკეტები კი კვირაობით დახურული იქნება.
გარდა ამისა, ლოკდაუნის მოქმედების პერიოდში სკოლები და ბაღები დაიხურება, ხოლო დანარჩენი სასწავლო დაწესებულებები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ.
თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ზომების მიზანი კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებლის 5 ათას შემთხვევამდე ჩამოყვანაა.
თურქეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 37 312 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4.6 მილიონს გადააჭარბა. ამასთან, ვირუსს კიდევ 353 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 38 711-ს მიაღწია.
თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 14 იანვრიდან დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ქვეყენაში ვაქცინის ერთო დოზა 13.33 მილიონ ადამიანს აქვს გაკეთებული, სრულად ვაქცინირებული კი 8.18 მილიონი მოქალაქეა.