„ევროპული საქართველო“ როგორც პარტია აღარ არსებობს, ეს არის ერთი ადამიანის პარტია და ის გზა, რომელიც მათ გაიარეს 21 – კაციანი ფრაქციიდან – ერთი ადამიანის პარტიამდე, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, პარტია პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილებით „ევროპულმა საქართველომ“ დაამტკიცა, რომ „ეს არის რადიკალური პარტია, რომელმაც სრულად მარგინალიზება გადაწყვიტა“.
,,მათ გადაწყვიტეს, რომ აღარ იყვნენ დემოკრატიული პროცესების მონაწილე და გაემიჯნენ დემოკრატიას. შესაბამისი იქნება ჩვენი დამოკიდებულებაც ამ პარტიის მიმართ. ვინც არ აღიარებს დემოკრატიას, მათთან ვერ გვექნება ისეთი ურთიერთობა, რომელიც არის დემოკრატიული პროცესის მონაწილე. „ევროპული საქართველო“ როგორც პარტია აღარ არსებობს, ეს არის ერთი ადამიანის პარტია და ეს არის ის გზა, რომელიც მათ გაიარეს 21-კაციანი ფრაქციიდან ერთი ადამიანის პარტიამდე. ეს არის მათი პოლიტიკური განაჩენი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, “ევროპული საქართველო” პარლამენტში არ შედის. შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიის გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტი არალეგიტიმურია.