ისრაელმა დღეს დილით ღაზას სექტორზე ავიაიერიში მიიტანა, პალესტინელებმა კი ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს.
მედიის ინფორმაციით, „ჰამასი“ აცხადებს, რომ მისი ბოლო თავდასხმის სამიზნე ისრაელის საჰაერო ძალის 6 ბაზა იყო.
ისრაელი აცხადებს, რომ ღაზადან ისრაელის მიმართულებით 10 მაისიდან, საერთო ჯამში, 3 450 რაკეტაა გაშვებული. თავდასხმების შედეგად 12 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა.
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის მიერ განხორციელებულ ავიაიერიშებს 217 პალესტინელის, მათ შორის 63 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულების რაოდენობა კი 1 400-ს აჭარბებს.
გაეროს მონაცემებით, ღაზას სექტორში განადგურებული ან დაზიანებულია დაახლოებით 450 შენობა. დაახლოებით 48 000-52 000 პალესტინელი გაეროს 58 სკოლას აფარებს თავს.