„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 7-საათიანი მსჯელობის შემდეგ მხარი დაუჭირა.
„ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებმა ანა ნაცვლიშვილმა და შალვა შავგულიძემ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტზე მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს.
პროექტი ასევე განიხილეს საფინანსო – საბიუჯეტო, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის გაერთიანებულმა კომიტეტებმა.
მომავალ კვირას პროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი გადაგზავნილია ვენეციის კომისიაში და როგორც მმართველ გუნდში და ოპოზიციაში აცხადებენ, მეორე მოსმენამდე კომისიის შეფასებას დაელოდებიან.
კანონპროექტის მიხედვით, „საარჩევნო კოდექსში“ არაერთი ცვლილება ხორციელდება.
კერძოდ, არჩევნებზე შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე ავტომატურად გადაითვლიან უბნების 10%-ს. იცვლება ცესკოს დაკომპლექტების წესიც. ცესკო-ს 8 პროფესიული და 9 პარტიული ნიშნით დანიშნული წევრები ეყოლება. ცესკო-ს თავმჯდომარეს ეყოლება 2 მოადგილე, რომელთაგან ერთი ოპოზიციის მიერ იქნება შერჩეული. იცვლება ასევე საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების წესიც და ამასთან დაკავშირებით ცესკო გადაწყვეტილებებს ხმათა 2/3- ით მიიღებს.
ცვლილება ეხება ასევე, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობასაც, თითოეულ შემთხვევაში წევრთა რაოდენობა ცესკოს მსგავსად აქაც 17-ია – 8 პროფესიული და 9 პარტიული ნიშნით დანიშნული. ამასთან, ცვლილებების პროექტით, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა იკრძალება. გარდა ამისა, იზრდება საჩივრის შეტანის ვადებიც და საჩივრის შეტანა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი. ცესკოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და ცესკო-ს მდივანს არ ექნებათ უფლება საჩივარი განუხილველად დატოვონ.