მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს. Ryanair- ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა და რომელშიც ტელეფრამ-არხის Nexta ყოფილი მთავარი რედაქტორი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა, ბელარუსის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.
ქვეყნის ოპოზიციონერების თქმით, ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ბორტზე მყოფი ჟურნალისტი დაეპატიმრებინათ. ბელარუსის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით კი, თვითმფრინავი ბორტზე არსებული ბომბის საფრთხის გამო დაეშვა მინსკში, მაგრამ ასაფეთქებელი ნივთიერებები არ აღმოჩნდა.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ჟურნალისტმა რომან პროტასევიჩმა თვითმფრინავის მგზავრებს განუცხადა, რომ მას ბელარუსში სიკვდილით დასჯა ელოდა.
ათენი-ვილნიუსის რეისის მგზავრების განცხადებით, მას შემდეგ რაც თვითმფრინავმა მოულოდნელად გეზი შეიცვალა, ბორტზე მყოფი ერთი ბიჭი ძალიან აღელდა.
„თვითმფრინავის მოულოდნელი შემობრუნების შემდეგ, ერთმა ბიჭმა [პროტასევიჩმა] პანიკა დაიწყო. მისი ბარგი ასაფრენ ბილიკზე გადაყარეს და ის გვერდით გაიყვანეს. ჩვენ მას ვკითხეთ, რა ხდებოდა, მან გვითხრა ვინ იყო და დაამატა: ”აქ სიკვდილით დასჯა მელოდება. ის კანკალებდა,“- განაცხადეს მგზავრებმა მედიასთან საუბარში.