1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის და ვაკის რაიონის გამგეობის ერთობლივი ორგანიზებით, თბილისში, მზიურის პარკში, სხვადასხვა სახის ბავშვთა გასართობი ღონისძიებები იგეგმება.
თბილისის მერიის ცნობით, აქტივობები რამდენიმე ლოკაციაზე 16:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში გაიმართება.
მათი ინფორმაციით, სცენაზე წარმოდგენილი იქნება საბავშვო სტუდიების კონცერტი, თოჯინების თეატრის წარმოდგენები ბავშვებისთვის და ზღაპრის გმირების მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა გასართობი აქტივობები.
როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, დღის განმავლობაში ღონისძიებები ღია სივრცეში განხორციელდება.
„აგრეთვე, 1-ელი ივნისის ღონისძიების მიმდინარეობისას, თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში, გაიმართება საბავშვო ლიტერატურისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მეზღაპრის კუთხე და სხვადასხვა აქტივობა.
მთელი დღის განმავლობაში, ბავშვებს სხვადასხვა სახის ტკბილეული უფასოდ გადაეცემათ, მათ განწყობაზე კი ზღაპრის გმირები იზრუნებენ.
დასწრება თავისუფალია“,-აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.