პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას სამოქალაქო აქტივისტებმა მამუკა ჯუღელმა და ქრისტინა ჭელიძემ სხდომათა დარბაზში ფურცლები გადაყარეს. დეპუტატები “სამშენებლო ამნისტიის” პროექტს განიხილავდნენ.
ფურცელზე წერია – „რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?“.
სასესიო დარბაზში გადაყრილ ფურცლებზე ასევე მითითებულია აქციის შესახებ, რომლის გამართვაც 13 ივნისს, პარლამენტთან იგეგმება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონიდან, ჯამში, 11 არასრულწლოვნის გამოყვანა უზრუნველყო, რომელთა შორის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ერთი ბავშვია.
საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც წერია, რომ გაასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს ეხება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ანა აბაშიძემ 5 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
PHR-მა 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან დაუყოვნებლივ ყველა ბავშვის გამოყვანა.