„ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკის რეანიმატოლოგის ალექსანდრე მხარგრძელის განცხადებით, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულებიდან ორ პაციენტთან, მათ შორის არასრულწლოვანთან ოპერაციული ჩარევა დღეს იგეგმება.
მისი თქმით, ამ დროისთვის სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არც ერთი პაციენტი არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე.
„ამჟამად ჩვენს კლინიკაში 4 პაციენტი რჩება. 3 პირის ზოგადი მდგომარეობა მძიმეა, ერთი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა. 2 პაციენტთან დღეს ოპერაციული ჩარევა იგეგმება, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია, ერთი ქალბატონი კი მისი დედაა. გრძელდება პაციენტების ინტენსიური მოვლა და მკურნალობა. პაციენტები არიან ზოგადი პოლიტრავმის დიაგნოზით შემოსული, მართვის სუნთქვაზე ამჟამად არც ერთი არ იმყოფება. ოთხივე მათგანი არის კონტაქტური. ჯერჯერობით საყურადღებო მდგომარეობაა“, – განაცხადა ალექსანდრე მხარგრძელმა.
ცნობისთვის, კრწანისის ქუჩაზე, ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.