დასავლელი პარტნიორების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტში უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გაგრძელდება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატებთან გასაუბრება 6 ივლისს დაიწყება.
კომიტეტი დღეში ორ კანდიდატს გაესაუბრება. პირველი ინტერვიუ დაიწყება 10:00 საათზე, ხოლო მეორე 16:00 საათზე.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის ფრაქციას ქართული ოცნება გამოეყოფა 75 წუთი, ფრაქციას შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი – 15 წუთი, ფრაქციას – ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის – 15 წუთი, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია – 32 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს – გირჩი – 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს მოქალაქეები – 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს ევროპელი სოციალისტები – 15 წუთი, ხოლო პარლამენტის უფრაქციო წევრებს – ჯამში 33 წუთი.
ცნობილია, რომ ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი არ გეგმავს, მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. ასევე, გასაუბრებებს არ დაესწრება და მოსამართლეებს კითხვებს არ დაუსვამს სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი.