ლისი-მუხათწყაროს დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით ვიზუალურ-გეოლოგიური შუალედური დასკვნა დაიდო. დასკვნის მიხედვით, მეწყერი სავარაუდოდ უხვმა ნალექმა გამოიწვია.
ამ მონაკვეთზე გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტები, ასევე ლევან სამხარაულის ბიუროს ექსპერტები მუშაობენ. ლისი-მუხათწყარო-მსხალდიდის მიმართულებით და ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზა ამ დროისთვის გადაკეტილია.
„ვიზუალურ-გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე მეწყრული პროცესის გააქტიურება გამოწვეულია ატმოსფერული ნალექის ინტენსივობის გაზრდით და მასის ჩაჟონვით. რაც შეეხება დეტალურ დასკვნას, ის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ამის შესახებ გამოიყოფა შესაბამისი თანხები საპროექტო-საინჟინრო და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაწყებად. მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე.
მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო, ლისი-მუხათწყარო-მსხალდიდისა და ნაფეტვრების დამაკავშირებელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 1-ელ ივლისს შეიზღუდა.