“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, შარლ მიშელთან შეხვედრის ფარგლებში ერთერთი მთავარი განსახილველი 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენები და პრემიერმინისტრის განცხადება იყო.
მისი თქმით, შარლ მიშელს ოპოზიციამ მიაწოდა ინფორმაცია, რომ პრემიერმინისტრმა უარი განაცხადა მოძალადეებისგან მოქალაქეების დაცვაზე და შარლ მიშელი შეშფოთებულია იმით, რომ ძალადობრივმა ჯგუფებმა ევროკავშირის დროშა დაწვეს.
„ერთერთი მთავარი საკითხი იყო 5-6 ივლისის ძალიან მძიმე მოვლენები. ეს ეხებოდა პრემიერის განცხადებას, რომ ვერ დაიცავდა ადამიანებს და არ აიღო პასუხისმგებლობა არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური. შევეხეთ იმას, რომე ევროატლანტიკური სწრაფვა არის დარტყმის ქვეშ და ვუთხარით, რომ გვაქვს გლობალური რისკები: ან მივდივართ რუსეთში, ან ვრჩებით დასავლურ კურსზე. შეშფოთებულია დროშის დაწვის გამო”, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.
დეკანოიძემ, ასევე, ისაუბრა 19 აპრილის შეთანხმების შესახებ. მისი თქმით, ოპოზიციასთან შეხვედრა უკვე არის გზავნილი ხელისუფლებისთვის.
„ამნისტიის კანონპროექტი ჯერ კიდევ არ გამოუტანია ოცნებას, დაარღვია დათქმები მოსამართლეებზე, ცესკოზე, წარმოადგინა კლანური კანდიდატურები. ის, რომ ოპოზიციას ხვდება, ეს უკვე გარკვეული გზავნილია. თქვა, რომ ამასთან დაკავშირებით ექნება ღარიბაშვილთან საკმაოდ მნიშვნელოვანი საუბარი”, – ამბობს ხატია დეკანოიძე.