„ორი დღეა ვფიქრობ, რა გვჭირს ასეთი, რომ გამარჯვებაშიც არ ვართ ერთიანი. არადა საქართველო არცერთი პოლიტიკური გუნდის საკუთრება არ არის, ეს ყველა ჩვენგანის ქვეყანაა და გამარჯვებაც საერთოა,
ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიოს მთავარ ოკუპანტს, რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში 12-წლიანი დავა მოუგო და ახლა ქვეყანაში ვდავობთ, ეს „ნაციონალების“ გამარჯვებაა თუ „ქართული ოცნების“
– ამ სიტყვებით იწყებს მონოლოგს ტელეწამყვანი იმედა დარსალია გადაცემაში „ახალი კვირა“. საკუთარ მონოლოგში ტელეწამყვანი 23 იანვარს ბათუმში მომხდარ ინციდენტს შეეხო, როდესაც აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრს ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარეს.
„სამარცხვინოა, მაგრამ ჩვენ არც გუშინ ვიყავით ერთიანი როცა ბათუმში, საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერ დეპუტატს, ნაგავი დააყარეს თავზე. ერთი ნაწილი კმაყოფილებას ვერ მალავდა, მეორე კი აღშფოთებას. ამჯერად საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოსტს გამოვიყენებ მაგალითისთვის – მიხეილ სააკაშვილმა უკომენტაროდ გააზიარა ვიდეო და არ გაუპროტესტებია ასეთი სამარცხვინო საქციელი მისი პარტიის წევრებისგან. ამ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კობა ხაბაზმა კი თავზე ნაგვის დაყრა გაამართლა და სტატუსიც მიუძღვნა – „ბათუმელი ელისაშვილი ნაგვის ურნის პირველი კავალერი გახდა,“ – ამბობს იმედა დარსალია.
ტელეწამყვანმა საკუთარ მონოლოგში გორში, 2 წლის წინ მომხდარი ფაქტიც გაიხსენა, როდესაც გორის მერიის თანამშრომელმა სამოქალაქო აქტივისტს თავზე ნაგავი დააყარა:
„ჩვენ რომ ძლიერი საზოგადოება ვიყოთ, გვიყვარდეს ქვეყანა და ზოგადად არ ვიყოთ პოლიტიკურად ანგაჟირებული, თავზე ნაგვის დაყრას ჯერ კიდევ 2 წლის წინ გავაპროტესტებდით, როცა გორის მერიის თანამშრომელმა სამოქალაქო აქტივისტს თავზე ნაგავი დააყარა. არ გავაპროტესტეთ რადგან მაშინაც მთელი საზოგადოება ანგაჟირებული ვიყავით. მოგვიანებით ეს საჯარო მოხელე 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა გაამართლა. ამის შემდეგ სულაც არ მიკვირს, რომ ნაგვის დაყრა უკვე ჩვევაში გვექცა, და რომ გუშინ მომხდარ ამბავზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ბათუმის საკრებულოს წევრმა მირდატ ქამადაძემ თქვა, რომ თავზე ნაგვის დაყრა გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება.
ჩვენ რომ თავმოყვარე პოლიტიკური პარტიები გვყავდეს, ახლა საზოგადოებას ბოდიშს უნდა უხდიდნენ და ემიჯნებოდნენ ამ საქციელს, მაგრამ სამწუხაროდ ასე თითქმის არასოდეს ხდება, რადგან მოდი ვაღიაროთ, რომ აი, ასეთი სამარცხვინო შოუები ამ ქვეყნის მოსახლეობის ერთ ნაწილს ჯერ კიდევ მოსწონს. მოსახლეობის ერთი ნაწილი ჯერ კიდევ ოკუპანტს მისტირის და ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჯერ კიდევ რუსული ნარატივით გვესაუბრებიან პოლიტიკოსები.
მე იმედა დარსალია ვარ და ჩემი სურვილია, წელს მაინც, საქართველოს გასაბჭოების 100 წლის თავზე მოვახერხოთ და სამუდამოდ ვთქვათ უარი საბჭოთა მემკვიდრეობიდან შემორჩენილ მანკიერ პრაქტიკაზე“, – ამბობს ტელეწამყვანი.
წყარო: pia.ge