ახმეტას ნამდვილი სახელი ბადრია, ბადრი ხუციშვილი. მამამისს არაბი მეგობარი ჰყავდა, ახმეტა რქმევია. ერთხელ სტუმრად ჩამოსულა თურმე და ბადრისთვის ყოველდღე ყუთით შოკოლადები მიჰქონდა. ბადრი შოკოლადებს უბნის ბავშვებს უნაწილებდა. მერე, როცა არაბი სტუმარი წასულა, ბავშვები მაინც აკითხავდნენ და კითხულობდნენ — “ახმეტა არ მოვიდა? ახმეტა არ მოვიდა?” — ასე დაერქვა ახმეტა და დღემდე ყველა ამ სახელით იცნობს. 30 წელია ენერგეტიკის სფეროში (EPG) მუშაობს. იმ დღესაც სამსახურის საქმეზე გაუშვეს. 2008 წლის 11 აგვისტო იყო, დილით რუსებმა ვარიანი დაბომბეს და 5-6 სოფელს შუქი გამოერთო. უფროსმა სთხოვა, წასულიყო და ჩაერთო. შინდისიდან ვარიანამდე 12 კილომეტრი ფეხით გაიარა. მანქანა არ იყო, “ან რომელი გიჟი წავიდოდა იქ შუქის ჩასართავად”.
მისულა, დენის მიწოდება აღუდგენია და უკანა გზაზე მომავალი ნაცნობს შეუჩერებია, არ წახვიდე, რუსები შემოსული არიან, სახიფათოა სიარულიო. ვერ წარმოედგინა, საქმე ვისთვის უნდა დაეტოვებინა, თანაც ისეთ დროს, ამიტომ უკანა გზას ისევ ფეხით გამოჰყოლია. იხსენებს, რომ ყველაზე უცნაური სრული სიჩუმე და დენთის სუნი იყო. ძაღლის ყეფაც აღარ ისმოდა. მერე რამდენიმე მეზობელს ერთად სადილობა გადაუწყვეტიათ და ერთ-ერთის სარდაფში ჩასულან. სწორედ ამ სამზადისში გაუგიათ სამხედრო დანადგარების გრუხუნის ხმა. სარდაფიც შეზანზარებულა და ყველა გარეთ გამოსულა. ახმეტა გზაზე გასულა და ტანკზე მჯდომი სამხედროებისთვის ხელით უნიშნებია, რა ხდებაო. ამ დროს ერთ-ერთს იარაღი გადმოუღია და დაუმიზნებია. არ დაიჯერა. მათი სოფლიდან რამდენიმე ნაცნობი იყო ჯარში წასული, იფიქრა, ისინი არიან, ალბათ, მეხუმრებიანო. ისევ ჰკითხა, თან მიუახლოვდა და — “რუსები შემოსულიყვნენ. რას ვიფიქრებდი” ცხინვალის მისადგომებთან მანამდეც არაერთხელ ყოფილა აფეთქება და კონფლიქტი, მაგრამ სოფლებში შესული ოკუპანტი არ ახსოვს. გამოეცალა და თავის უფროსს შეატყობინა, რუსები შემოსულანო.
მოგვიანებით, ერთ-ერთმა პოლკოვნიკმა ახალდაბიდან დაურეკა, გადავამოწმებ რუსების შემოსვლასო. ,,რა უნდა გადაამოწმო, თუ ახალდაბის გორაზე ხარ, გამოიხედე, ხელისგულივითა ჩანს, რკინიგზის სადგურის გვერდით მოდიან, — უპასუხია ახმეტას და მალევე მეორე ზარიც გაისმა: ამჯერად ნაცნობი ურეკავდა და სთხოვდა, ყველასთვის ხმა მიეწვდინა, რომ სარდაფებში დამალულიყვნენ. 25 კაცამდე თავისთან ჩაუყვანია. მერე გრუხუნი და ტანკების მოძრაობა გაჩერდა. გამოსვლას აპირებდა, უნდა ენახა, რა სიტუაცია იყო და სწორედ მაშინ გაუგია გასროლის ხმა. ხმა, რომელმაც 17 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა და შინდისის სახელი ტრაგედიასთან დააკავშირა. “თურმე, ჩვენები მოდიოდნენ ყექცეულიდან და იმათ ჩაუსაფრდნენ. კიდე კაი, სულ ყველა მანქანა ამ გზით არ წამოვიდა. ეტყობა ბრძანება ჰქონდათ, რომ დისლოკაციის ადგილებს დაბრუნებოდნენ. ყექცეულიდან პირდაპირ რომ გადასულიყვნენ ქარელში, ტრასაზე დადგებოდნენ და მორჩა, არაფერი მოუვიდოდათ. ვინც პირდაპირ გადავიდა, გადარჩა. ვინც აქეთ წამოვიდა, 11 მანქანა, პირდაპირ შეეჩეხა რუსის ტანკებს. ჩვენები იყვნენ ჰაი ლუქსებით და სამი კიდე ურალის ტიპის მანქანა იყო. ხელყუმბარები და ავტომატები ჰქონდათ. ისინი იყვნენ ტანკებით… რკინას რომ “რაგატკა” ესროლო, იმ დონის შეტაკება მოხდა”. სროლა ერთი საათის განმავლობაში ისმოდა. ყველაფერი რომ ჩაწყნარებულა, თავის სარდაფში დამალული ხალხი მდინარეზე გადაუყვანია და უსაფრთხო ადგილას დაუმალავს. მერე მეგობართან ერთად ცხელ წერტილში დაბრუნებულა, უნდა ენახა, რა ხდებოდა. იქ გაზრდილები არიან, ყველა კუნჭული იციან და იმედი ჰქონდათ, შეუმჩნევლად იმოძრავებდნენ. გამოუვიდათ კიდეც. პირველი გადარჩენილი ჯარისკაცი ჩიტიძე იყო. შეტაკების ადგილას დაჭრილი იწვა.
ახმეტას და თავის მეგობარს იქვე, საწყობში დაუმალავთ. შუადღე იყო, წამოყვანას ვერ გარისკავდნენ, დაღამებას უნდა დალოდებოდნენ. შებინდებულზე საწყობში დაბრუნებულან, გადასაფარებელში გაუხვევიათ და მეზობლის “აძინაცატით” სოფლის საავადმყოფოში მალვით გადაუყვანიათ. “ფარებიც ჩავაქრე და “ტორმუზსაც” არ ვაჭერდი, იმიტომ, რომ რადარები ყველაფერს აფიქსირებს და შეუმჩნევლად უნდა გვევლო”. საავადმყოფოში არავინ იყო, ამიტომ პირველადი დახმარების აღმოჩენა თავად მოუწიათ. აფთიაქი გაუტეხავს და წამლები აუღია. მეგობარი წითელ ჯვარს დაკავშირებია და იქედან ტელეფონით რასაც კარნახობდნენ, ესენიც ისე მკურნალობდნენ. “ფეხში იყო გადამტვრეული, ორივე ძვალი ამოშვერილი ჰქონდა. სანამ გათენდებოდა, იმასთან ვიყავით”. მოგვიანებით დახმარება იქაური ექიმის დედისთვის უთხოვიათ და დაჭრილ ჩიტიძესთან ის ქალი დაუტოვებიათ. მეორე დილით ისევ შეტაკების ადგილას წასულან დაჭრილების მოსაძებნად. რუსებს იმავე ღამით გაუკეთებიათ ბლოკპოსტები და ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ორი მანქანა ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით შემოვლაზე დადიოდა, ამოწმებდნენ, გადარჩენილები ხომ არ იყვნენ.
ბრძოლის ველი ალყაში მოიქციეს და დაჭრილებს, სიარულიც რომ შესძლებოდათ, თავის გადარჩენის შანსი, თითქმის, არ ჰქონდათ. ღამით, ჩიტიძე რომ გადაუყვანიათ, წყალზე გადახტომისას ახმეტას ფეხი ხრახნზე გაუჭრია. მხოლოდ მეორე დღეს მიმხვდარა, როცა კალმახელიძე ხელით დიდ რუში გაჰყავდათ. “წყალში დამეწვა. თან ეს დაჭრილი მიჭირავს, თან ცალი ხელით შარვალს ვიწევ და ვხედავ, გადახსნილი მაქვს ფეხი”. 12 აგვისტოს, დილით უპოვიათ კალმახელიძე. დაჭრილს მაღაზიის შუშა ჩაუმტვრევია და გადამძვრალა. ცოტა მოშორებით იყო ცანავა, რომელიც ლობიოში დამალულა. ცანავასთვის წყალი მიუწოდებიათ და მოგვიანებით დაბრუნებას დაპირებიან. “ჯერ კალმახელიძე გადავიყვანეთ.
კალმახელიძე იყო “ზდაროვი” ბიჭი. “ადიელაში” გავახვიეთ და გადმოვიყვანეთ, დიდ რუში გავტოპეთ და ჩემი სამსახურის “უაზზე” დავაწვინეთ. იმ “უაზსაც” ჩავუმტვრიე ფარები, რომ არ გაენათებინა. გამოვტრიალდით, რომ მეორე დაჭრილი, ცანავა წამოგვეყვანა. ეს ცანავა და კალმახელიძე მეგობრობდნენ, თურმე. კალმახელიძეს “შტეფცელა” ერქვა მეტსახელად. მე მესვენა ხელებზე, კისერი მეჭირა. ამოიყვანეს ცანავა, მაგრამ ერთმანეთს ვერ ხედავდნენ. ეს ცანავა ლაპარაკობდა, ბოდავდა, ვერა სუნთქავდა — “ჩემი ძმაკაცი, შტეფცელა, შტეფცელა, შტეფცელა…” გაიგო კალმახელიძემ და — “მე ვარ, ბიჭო, აქ ვარო”. ეს ორი ერთ-ერთ მეზობელთან დავაბინავეთ. იმ ჟუჟუნას, ექიმის დედის დამსახურებაა, რომ განგრენა არ დაემართათ ამ ბიჭებსა, სახლებში დადიოდა და უვლიდა. მერე მანანა ექიმიც მოვიდა”.13-ში, დილით, როცა ბეტეერმა ჩაიარა, ახმეტას ლიანდაგთან მისულა და ჩუმად ძახილი დაუწყია — “ბიჭებო, თუ ვინმე ხართ, არ გაინძრეთ, ისე გამაგებინეთ, რომ გაგიყვანოთ”. დაჭრილი მურვანიძე მუხლისჩოქით გამოსულა და ახმეტასთვის აკანკალებული ხელით იარაღი დაუმიზნებია. შოკში იყო. ახმეტაც მუხლისჩოქით მისულა, იარაღი გამოურთმევია და გადაუგდია.
დაჭრილისთვის ფორმა გაუხდია, თავის მეგობარს, შალვა კვინიკაძეს, რომელიც დაჭრილების მოსაძებნად თან დაყვებოდა, მაისური უთხოვებია, ის ჩაუცმევიათ და სახლში წამოუყვანიათ. ბოლო მალაზონია იყო. თვითონ დაურეკავს უფროსთან და უთქვამს, რომ გადარჩა. იმ უფროსს ახმეტას თანასოფლელთან დაურეკავს და მალაზონიას ამბავი მოუკითხავს. მალაზონიას ისინიც ეძებდნენ, ოღონდ ლიანდაგს იქით “აქეთ ვინ გადმოვიდოდა, აქეთ მხოლოდ სულელები დავდიოდით”. შეტაკებიდან მეორე დღეს უკვე სისხლის სუნი დადგა, გვამებმა ხრწნა დაიწყეს… რუსებმა ბლოკპოსტები მოხსნეს. “კონცერტი რომ გვქონდა თბილისში, ომი რომ მოვიგეით, აქ ეყარნენ მაშინ ეს ბიჭები და ვერავის გაყავდა”. ბლოკპოსტების მოხსნის მერე შემოვლის დროც გაზარდეს და 5 წუთში ერთხელ დადიოდნენ. სწორედ იმ 5 წუთში მოასწრეს მალაზონიას პოვნა და სამშვიდობოს გაყვანა. “დავინახე, რაღაც პრიალებს, მელოტი იყო. მივედი, იმასაც ავტომატი მომარჯვებული, მაგრამ არ მიშვერდა. ვეკითხები, მირზა, შენა ხარ-მეთქი? შენ საიდან იცი ჩემი სახელიო და ამ დროს გამოიარა კიდეცა ბეტეერმა. ჩავწექი ეგრევე. რომ გაიარა ბეტეერმა, ავიკიდეთ ორმა მალაზონია და ერთი წინ გავუშვით, რომ ნიშანი მოეცა, თუ ისევ გამოივლიდნენ. ფეხებშიც დაჭრილი იყო და ხელშიც. დაჭრილს ერთი ხელით უხოხია და ბუჩქებში დამალულა. ორი დღე მშიერ-მწყურვალი იყო. წყალი ითხოვა.
მეზობელს ვთხოვე, ჩამომიტანა და ნახევარი ზედ შევასხი, ერთი ყლუპი დავალევინე. არ შეიძლება მაგ დროს წყალი. ვუთხარი, ახლა აქედან გავიდეთ და მერე წყალიც იქნება და ყველაფერიც-მეთქი”. დაჭრილი მალაზონია ორმა კაცმა მხრებით გაიყვანა. ეზოში, სანამ სამოსს ხდიდნენ და ჭრილობაზე თავისით გაკეთებულ სახვევებს უჭრიდნენ, ზემოდან ვერტმფრენმა გადაუფრინა. სამხედრო ფორმის გამოცვლა და მალაზონიასთვის თავიანთი სამოსის ჩაცმევა მოუსწრიათ, თორემ “სამხედრო რომ დაენახათ, ყველას ჩაგვჟუჟავდნენ”. დაჭრილები მეზობლებთან გაუნაწილებიათ.”ვისაც გული ჰქონდა” და ვისაც დახმარების სურვილი გამოუთქვამს, 4 დღის განმავლობაში უვლიდნენ. ერთ-ერთი ჯარისკაცის, ირაკლი ჯანელიძის მშობელს დაურეკავს და თავისი შვილი მოუკითხავს, ეგონა, ისიც ახმეტასთან იყო. მაშინ მურვანიძე ახალგადაყვანილი ჰყავდათ და ახმეტას თანასოფლელისთვის უკითხავს, ირაკლი ხომ არ ერქვა იმ დაჭრილს. თანასოფლელს დაუდასტურებია და ახმეტასაც მშობლისთვის უთქვამს, მგონი, ჩვენთან არისო. შინდისში დაღუპული გმირები 16 აგვისტოს გადაასვენეს. მათ შორის აღმოჩნდა ჯანელიძე. მოგვიანებით ახმეტას შვილმკვდარი მამის მუქარის მესიჯი მისვლია. ცოტა კიდევ მოგვიანებით ერთმანეთს შეხვედრიან და მამას ბოდიში მოუხდია.,,ნეტა, ცოცხალი გადარჩენილიყო და ორმაგი გეთქვა თუნდაც…”
“მე არა, ონიანმა გადაარჩინა ყველა. თავი აიფეთქა და რუსები ახლოს აღარ მიუშვა. დანარჩენ დაჭრილებს საშუალება მისცა დამალულიყვნენ. ეგ რომ არა, შეტაკების მერე გადაუვლიდნენ და ყველა გადარჩენილს ჩაცხრილავდნენ”. იხსენებს, რომ იმ სისხლის სუნი დიდი ხნის განმავლობაში ცხვირში ჰქონდა და ეგონა, თავად ასდიოდა, ყოველდღე საგულდაგულოდ იბანდა. სანამ დაჭრილები მალვით გაჰყავდა, სისხლის გუბეების გავლა და დაღუპულებს შორის სიარული უწევდა. მიღებული ძლიერი განცდების შედეგად, მოგვიანებით, კბილები დასცვივდა. “კბილების ანთება დამემართა, სულ დამცვივდა. შიშით. სისხლის სუნით”. მაშინ 40 წლის იყო. დაჭრილები 30 წლამდე იქნებოდნენ. იხსენებს, რომ საფრთხეს კარგად ვერ იაზრებდა, მაგრამ თურმე, დაძაბული იყო. “ესენი (დაჭრილები) წაიყვანეს თუ არა, აღარ მეშინოდა აღარაფრისა”. სიცოცხლის ფასად გაწეული რისკის სანაცვლოდ ძალოვანი სტრუქტურებისგან ქების სიგელი და ორი ბოთლი ღვინო მიიღო, 2012 წელს კი ჯილდო სამოქალაქო თავდადებისთვის, პრეზიდენტ სააკაშვილისგან. კიდევ ერთი ჯილდო 2014 წელს, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გადასცა. ოთხი წლის წინ მეუღლე მძიმე დაავადებით გარდაეცვალა. “ხანდახან არცა მჯერა, რომ აღარ არის”. დახმარება არავისთვის უთხოვია. ჩუმი გმირია. წყარო: ON.GE; დარინა ქამადაძე. ბმული: http://bit.ly/2O69tsq