დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა ეპიდვითარების გაუარესებისკენ მიდის. მისივე თქმით, ვიდრე ვაქცინაციის შედეგად საზოგადოებრივი იმუნიტეტი დაგროვდება, რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყოს.
„სამწუხაროდ, ბოლო ორი კვირაა, გამოჩნდა ტენდენცია ეპიდვითარების გაუარესების. ამიტომ, მოსახლეობას მაქსიმალურად უნდა მოვუწოდოთ რეკომენდაციების დაცვისკენ. ვიდრე ქვეყანაში საზოგადოებრივი იმუნიტეტი დაგროვდება, მანამდე დაცვის ერთადერთი საშუალება არის პირბადე, დისტანცია და დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება.
რა თქმა უნდა, არავის ვაშინებ, მაგრამ დღევანდელი ეპიდსიტუაცია დაახლოებით მაგონებს იმ ვითარებას, რაც ქვეყანაში სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში იყო. თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს, გამორიცხული არაა, რომ მესამე ტალღაში შევიდეთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.