იმუნიზაციის საბჭოზე „ბუსტერის“ პერიოდის შემცირებაზე იქნება მსჯელობა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გაკეთების ვადა შესაძლოა, 6-დან 3 თვემდე შემცირდეს.
“ჩვენთვის ცნობილია ბრიტანეთის მარეგულირებლის გადაწყვეტილება „ბუსტერის“ ვადის 3 თვემდე შემცირებაზე. ალბათ, ჩვენთანაც დაიწყება მსჯელობა. აღნიშნულ საკითხზე უკვე გვაქვს შიდა კონსულტაციები. განსაკუთრებით ეს ახალ შტამს „ომიკრონს“ უკავშირდება, რომელიც სამხრეთ აფრიკის გარდა ევროპაშიც ცირკულირებს. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული შტამი ყველგან დაფიქსირდეს.
ამ საკითხზე ვფიქრობთ. ალბათ, იმუნიზაციის საბჭოზე „ბუსტერის“ პერიოდის შემცირებაზე იქნება მსჯელობა. აღნიშნულზე იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტმა უნდა იმსჯელოს“,- განაცხადა გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსთან”.
გამყრელიძე ასევე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ადმინისტრირებულ ყველა ვაქცინაზე „ბუსტერი“ მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ კეთდება. თუმცა, არის გამონაკლისიც, კერძოდ, „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრილი 50 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის „ბუსტერ“ დოზების გაკეთება მეორე აცრიდან 3 თვის შემდეგ არის შესაძლებელი.
საქართველოში სპეციალური ჯგუფების “ბუსტერი” დოზებით აცრა 11 ოქტომბრიდან დაიწყო. ამ ეტაპზე ე.წ. ბუსტერით 14 39 მოქალაქეა აცრილი.