დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც კონკრეტული პირებისთვის ე.წ. მწვანე ბარათის მინიჭებას ეხებოდა, განმარტებას აკეთებს.
როგორც გამყრელიძემ განმარტა, „მწვანე პასპორტებს“ არა ის პირები მიიღებენ, რომლებსაც ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, არამედ კოვიდგადატანილი ის პირები, რომლებსაც ტესტი გაკეთებული აქვთ, თუმცა, ტესტირების შედეგი სხვადასხვა მიზეზის გამო ბაზაში ასახული არ არის.
ინფორმაციისთვის, აღნიშნულ საკითხზე საუბარია ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მიერ 11 იანვარს გამოცემულ ბრძანებაშიც.
ცნობისათვის, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, თავდაპირველად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კორონავირუსგადატანილებად ჩაითვლებიან და „მწვანე პასპორტსაც“ მიიღებენ პირები, რომლებსაც სიმპტომების მიუხედავად ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ.