“ომიკრონის” ცირკულაცია მომატებულია ქვეყანაში. ჩვენი გათვლებით, შემთხვევების, დაახლოებით, 90% გახლავთ “ომიკრონი” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“მოგეხსენებათ, რომ გვახლავს “ომიკრონის” ორი ქვეშტამი. ერთი, რომელმაც ცირკულაცია დაიწყო ნოემბერში, ე.წ BA1 და შემდგომ გაჩნდა მეორე – BA2 და ჩვენთან ორივე იდენტიფიცირებულია, როგორც მოლეკულური სეკვენირებით, ისე სხვა დამატებითი მუტაცია სპეციფიკური PCR-ტესტებით.
ამ მეორე შტამს, როგორც საერთაშორისო ლიტერატურიდანაა ცნობილი, ახასიათებს კიდევ უფრო სწრაფი გადადების და, დიდი ალბათობით, ეს სწრაფი აღმავალი ტალღა მასთანაა დაკავშირებული, მაგრამ იგივე A1-თან შედარებით, ნაკლები აგრესიულობა აქვს.
დღეს მთავარი გზავნილი ჩვენი მხრიდან გახლავთ ის, რომ ომიკრონის ცირკულაცია მომდევნო 2 კვირაში გაიზრდება, კიდევ მეტი შემთხვევათა რაოდენობა გვექნება. დღეს რომ 15 000-ზე მეტია აღრიცხული, ეს ნიშნავს, რომ 15 000-ზე მეტია გამოვლენილი, მაგრამ რეალურად უნდა ვიანგარიშოთ, რომ 3-4-ჯერ მეტია სინამდვილეში. ეს არის უსიმპტომო ან მცირე სიმპტომების შემთხვევები.
მთავარი გზავნილი ისაა, რომ თუ გეწყებათ რესპირაციული ინფექციისათვის დამახასიათებელი სიმპტომები – ხველა, სურდო, თავისა და ყელის ტკივილი და ტემპერატურის მატება – არ არის საჭირო, რომ რამდენიმე ადგილზე დაიტესტოთ და დარწმუნდეთ, გაქვთ, თუ არა. დიდი ალბათობით, უნდა თქვათ, რომ ომიკრონია და დარჩეთ სახლში, დაურეკოთ 112-ს და მართოთ მდგომარეობა, რაც გექნებათ. 90% შემთხვევებში ეს ჩაივლის სიმპტომების გარეშე ან მცირე სიმპტომებით.” – განაცხადა გამყრელიძემ.