დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სწრაფი ტესტი “ომიკრონს” ვერ ამოიცნობს, მაგრამ საქართველო უახლოეს პერიოდში სპეციფიურ პისიარ ტესტებს მიიღებს, რომელსაც კორონავირუსის ახალი შტამის ომიკრონის სადიაგნოსტიკოდ გამოიყენებენ.
“სწრაფი ტესტი ვერ ამოიცნობს ახალ შტამს ომიკრონს. ახალ შტამზე ეჭვის მიტანა შესაძლებელია ზოგიერთი პისიარ მეთოდით, რომელიც ქვეყანაში გამოიყენება და სამ გენზე მუშაობს. ახალი შტამის, ომიკრონის ამოცნობა სპეციალური პისიარით ხდება. ხვალ, ან ზეგ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ექნებათ ლუგარის თანამშრომლებს კონსულტაცია. უკვე არის გარკვეული სპეციფიური პისიარი, რომელიც ჩვენ გვაქვს დელტა და ალფა შტამზე და მის იდენტიფიცირებას ვახდენთ.
ჩვენთან უკვე შემუშავდა პროტოკოლი, თუ როგორ შეიძლება ეჭვის მიტანა ომიკრონზე. აღნიშნული გადაეგზავნა ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობას, ასევე ყველა ლაბორატორიას დაეგზავნება, ვინც აწარმოებს პისიარ დიაგნოსტიკას.
ქვეყანაში არსებობს პირველი წინასწარი პროტოკოლი, თუ სად უნდა მივიტანოთ ეჭვი ახალ შტამზე და რა უნდა გავაკეთოთ. ალბათ, სპეციფიური პისიარი მალე მოგვეწოდება პარტნიორების მხრიდან, მაგრამ ჩვენც ვაკეთებთ სეკვენირებას, რომელიც ყველაზე ზუსტია”. – განაცხადა ამირან გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსთან”.