23.11.2024

წერილი ანა დოლიძეს გაღმა ენგურიდან: გთხოვთ, მოითხოვოთ ჩვენთვის, აქ მცხოვრები ათასობით ქართველისთვის – გახსენით საოკუპაციო ხაზი

„გთხოვთ, მოითხოვოთ ჩვენთვის, აქ მცხოვრები ათასობით ქართველისთვის, სტუდენტებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, დედ-მამას დაშორებული შვილებისთვის გახსენით საოკუპაციო ხაზი, რათა მიეცეს ხალხს მცირედი ნუგეში უკეთესობისკენ. ამით არა მარტო გაჭირვებულებს, არამედ მოსახლეობის იმ ნაწილსაც დაეხმარებით, რომელთაც თვეებია შვილები, შვილიშვილები, და ოჯახის წევრები არ უნახავთ,“ – ეს წერილი მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერს ანა დოლიძეს ენგურს გაღმიდან გამოუგზავნეს.

ანა დოლიძემ წერილი საჯაროდ გამოაქვეყნა და ხელისუფლებას მიმართა, რომ არ გამოუვათ ენგურში დამხრჩვალი ჩვენი მოქალაქეების ტრაგედია აფხაზურ მხარეს ან რუსეთს გადააბრალონ.

“წაიკითხეთ ეს წერილი, რომელიც ენგურს გაღმიდან ერთ-ერთმა მოზარდმა გამომიგზავნა დახმარების თხოვნით და მიხვდებით, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა თქვენზეცაა. მოგიწოდებთ, დაეხმარეთ ჩვენ თანამოქალაქეებს, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში არიან, ეს თქვენი ვალდებულებაა.” – განაცხადა ანა დოლიძემ.

“ვებგაზეთი” წერილს უცვლელად გთავაზობთ.

“ქალბატონო ანა

პანდემია – ეს ის სიტყვაა, რომელმაც განსხვავებული სტილი შემოიტანა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში და გვასწავლა, ახალ უხილავ მტერთან „კორონა“ ვირუსთან ერთად ცხოვრება. გარდა ამისა ყოველივე ამან შეგვახვედრა და გვაიძულა ახალი მწარე რეალობის აღქმა, რომელმაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა მთელ მოსახლეობას და არა მარტო მოსახლეობას, არამედ მთელ მსოფლიოს, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე მორალური თვალსაზრისითაც. თუმცა ეს ყველაფერი უფრო მძაფრი და რთული ხდება ოკუპაციის პერიოდში, როცა იმყოფები ოკუპირებულ ტერიტორიაზე და გაქვს განცდა, რომ ღმერთსაც მიავიწყდი.

და ვინაიდან თქვენ ძალიან ბევრ თემას ეხებით და აჟღერებთ, გადავწყვიტე ჩემი პირადი აზრი და განცდა თქვენთვის გამეზიარებინა.

როგორც იცით, აფხაზეთში არის გავრცელებული კორონა ვირუსი და დიდი ხანია, უკვე რაც ჩვენს არეალში არიან ინფიცირებული ადამიანები. კოვიდით დაავადებული პირების რაოდენობა, რომელიც ამ პერიოდისთვისაა მეტად სერიოზული და საგანგაშოც კი არის.

ვირუსის წარმოშობის წყაროები, ძირითადად ქ. სოხუმი და ქ. გალი გახლდათ, სადაც პანდემიის დაწყებისთანავე იფეთქა ვირუსმა, ნელნელა მოედო სოფლებს და რამდენიმე კვირის წინ დაფიქსირდა გარკვეული შემთხვევები, რომელიც, მასობრივ აფეთქებაში გადაიზარდა. ამ დროისთვის ყოველივე ამან მეტად რთული სიტუაცია შექმნა, რასაც კარგად ვამჩნევთ და ვიცით, რომ უფრო მძიმე შედეგებიც შეიძლება გამოიწვიოს.

ჩემი ინფორმაციით, გალის რაიონის სოფელებში დაინფიცირებულთა რიცხვი საკმაოდ მაღალია. მათ დროულად შეამჩნიეს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და მიაკითხეს საავადმყოფოს, კოვიდ ტესტის ჩასაბარებლად. ამ ეტაპისთვის ყველას არ ჩაუბარებია ტესტი, თუმცა რამდენიმეს დაუდასტურდა, რაც იძლევა იმის ალბათობას, რომ ის სიმპტომები, რაც სხვებს აქვთ ნამდვილად კოვიდის სიმპტომებია და ვიცავთ შესაბამის რეკომენდაციებს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის მხარდაჭერა და დახმარება ასეთ რთულ ვითარებაში, უფასო სამედიცინო სერვისები და უფასო მედიკამენტები, რადგან აქ ძირითადად სეზონურ შემოსავალზეა მოსახლეობა დამოკიდებული და ბევრს არ შეუძლია ელემენტარული წამლების ყიდვაც.

სწორედ ამიტომ უფრო აშკარა გახდა ის სოციალური სიდუხჭირე, რაც აქ არსებულ ოჯახებთან უმეტესობაშია. ბევრია ისეთი, ვისაც მედიკამენტების და ექიმთან კონსულტაციის სახსრები არ გააჩნია, რის გამოც უმეტესობა ფსიქოლოგიურად ვარდება პანიკაში და თავს ვეღარ ეხმარება…… მოგმართავთ თხოვნით, რომ ამ პრობლემის გადაჭრაში დაეხმაროთ მათ, ამ რთულ მდგომარეობაში მოსახლეობას სჭირდება მხარდაჭერა და გამხნევება.

გთხოვთ, ხმა მიაწვდინოთ შესაბამის უწყებებს, ეს დიდ დახმარებას გაუწევს აქაურ, გასაჭირში მყოფ ადამიანებს. თუნდაც უმნიშვნელო ხელის წაკვრა მათთვის დიდი შემწეობის ტოლფასია.

გარდა ამისა მოსახლეობის მეორე, ერთ – ერთ უდიდეს და უმძიმეს დაბრკოლებას წარმოადგენს საზღვრის ჩაკეტვა. მოგეხსენებათ რამოდენიმე დღის წინ ორმხრივად გაიხსნა საზღვარი, მაგრამ მხოლოდ გარკვეული პირობებით. აფხაზეთიდან გადმოსულ პირს მოუწევს საქართველოს ტერიტორიაზე ხუთ დღის კარანტინში გატარება და შემდგომ ჩვეულებრივად გადასვლა, რამაც დიდი აჟიოტაჟი და პროტესტი გამოიწვია მოსახლეობაში.

ხალხს არ შეუძლია ამდენის მოთმენა. უკიდურეს მდგომარეობაში არიან. ბევრია ისეთი ვისაც ავადმყოფობის პრობლემა აქვს, მაგრამ გარკვეული დოკუმენტების დამზადების შემდეგაც კი არ შეუძლიათ კარანტინის გარეშე საზღვრის გადაკვეთა და საქართველოს ტერიტორიაზე მოხვედრა. რთულია ამ პირობებში მარტივად გაუმკლავდე პანდემიას და თავი დააღწიო უჩვეულო, მწარე რეალობას…

საქართველოს მთავრობას ჩემს ნაცვლად ჰკითხეთ ქალბატონო ანა, ზუგდიდიდან თბილისში მიმავალთ ათავსებთ კარანტინში? ჩვენც თუ მათი მოქალაქეები ვართ, რატომ გვექცევიან განსხვავებულად, განა ჩვენი კონსტიტუცია თანასწორობას არ ღაღადებს?

გთხოვთ, მოითხოვოთ ჩვენთვის, აქ მცხოვრები ათასობით ქართველისთვის, სტუდენტებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, დედ-მამას დაშორებული შვილებისთვის გახსენით საოკუპაციო ხაზი და რათა მიეცეს ხალხს მცირედი ნუგეში უკეთესობისკენ. ამით არა მარტო გაჭირვებულებს, არამედ მოსახლეობის იმ ნაწილსაც დაეხმარებით, რომელთაც თვეებია შვილები, შვილიშვილები, და ოჯახის წევრები არ უნახავთ. მაგალითად, შემიძლია თუნდაც ჩემი თავი წარგიდგინოთ. დედაჩემი თბილისშია, დიდი ხანია არ მინახავს და ძალიან მენატრება. ნებისმიერ ტკივილზე და დაბრკოლებაზე უფრო მწარეა ჩემთვის დედის მონატრება და მის გარეშე გატარებული დღეები.

თქვენი იმედი მაქვს გააჟღერეთ გაიხსნას საოკუპაციო ხაზი ორმხრივად, შეგვიშვან უკარანტინოდ საქართველოს ტერიტორიაზე და ეს მცირედი სიხარული მაინც მოგვანიჭოთ ყოველმხრივ დათრგუნულ და დაღონებულ მოსახლეობას.

რადგან პრობლემებზე გესაუბრებით, მინდა აფხაზეთში ჩვენთვის გაწეულ დახმარებებზეც ვთქვა რამოდენიმე სიტყვა. აფხაზეთის მთავრობაც ცდილობს, საკუთარი ძალებით თითოეულ გაჭირვებულს მიეშველოს და ხალხს როგორმე გასაჭირი შეუმსუბუქოს. მე პირადად ამ მომენტისთვის არ გამაჩნია ინფორმაცია ყველა იმ რეგულაციასა თუ დახმარებაზე, რაც მათ შეასრულეს ჩვენთვის, მაგრამ არის რამოდენიმე, რაც დარწმუნებით ვიცი. მათ შორის შემიძლია გავიხსენო მაგალითად, სადეზინფექციო ხსნარების დარიგება, სოციალურად დაუცველი ოჯახების პროდუქტებით უზრუნველყოფა და ასე შემდეგ….ვცდილობთ როგორმე დავამარცხოთ ვირუსი და ცხოვრებისეულ რეჟიმს დავუბრუნდეთ თითოეული ჩვენგანი, ამისთვის გვჭირდება სულ მცირე მხარდაჭერა.

ამ მეტად დაძაბულ ფონზე, ჩვენთვის, მოსწავლეებისთვის, მეტად პოზიტიური ამბავი გვამცნეს რამოდენიმე კვირის წინ სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, კარანტინის პერიოდში გარკვეული გზებით ვცდილობდით სწავლის პროცესი ონლაინ რეჟიმში გაგრძელებას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ინტერნეტ ხარვეზების გამო, ვერ ვახერხებდით გაკვეთილებზე შესვლას, ზოგიერთს არ გააჩნდა ტექნიკური საშუალებები, რის გამოც ხარისხიანი გაკვეთილების ჩატარება შეუძლებელი ხდებოდა.

ასე რომ საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ მინდა შევაჯამო აღნიშნული პრობლემები და კიდევ ერთხელ მოგმართოთ თხოვნით, რომ გააჟღეროთ ჩვენი მოთხოვნები:

· უფასო მედიკამენტები;

· ოჯახის ექიმის ნომრები, რომ ადგილზე მოხდეს მკურნალობა;

· საოკუპაციო ხაზის გახსნა ორმხრივად კარანტინის გარეშე;

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის, იმედი მაქვს წაიკითხავთ და გააჟღერებთ!!!”

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img