პარტია “ხალხისთვის” ლიდერის ანა დოლიძის შეფასებით, ონლაინ კაზინოებზე გაკეთებული განცხადება პრემიერ ღარიბაშვილისთვის გაჭირვების ტალკვესია. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის რეპუტაცია, დღეს, როგორც პრემიერის, არის ნულოვან ნიშნულზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილისგან მოვისმინეთ და მსგავსი განცხადებებით ის რეპუტაციის გადარჩენას ცდილობს.
“დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმა გამოაცხადა გადაწყვეტილება ონლაინ კაზინოების აკრძალვასთან დაკავშირებით. ეს იყო მოთხოვნა, რომელსაც ათი ათასობით ამომრჩეველი და ჩვენი მოძრაობა ითხოვს უკვე წლების განმავლობაში. წლების განმავლობაში სწორედ ამ ხელისუფლებამ აპარპაშა ონლაინ კაზინოები, მილიარდობით ლარი მიედინებოდა ონლაინ კაზინოების ჯიბეში ჩვენი ჯიბიდან წლების განმავლობაში და დაიღუპა თაობები. რატომ გააკეთა დღეს ეს განცხადება? – იმიტომ, რომ ეს განცხადება არის გაჭირვების ტალკვესი,ირაკლი ღარიბაშვილის რეპუტაცია, დღეს, როგორც პრემიერის არის ნულოვან ნიშნულზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოვისმინეთ მასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერის ბიძნა ივანიშვილის მხრიდან. ამიტომ ონლაინ კაზინოების აკრძალვა ღარიბაშვილისთვის არის მხოლოდ საკუთარი რეპუტაციის გადარჩენის საშუალება და განხორციელდება თუ არა ეს გადაწყვეტილება, საკითხავია.
უნიჭო პოპულიზმის კარგი მაგალითია და ეს უკავშირდება მის პიროვნულ შეფასებას ივანიშვილის მიერ, ყველანაირ განცხადებას გააკეთებს რეპუტაციის გადასარჩენად, იმასაც იტყვის, რომ ხვალ გავფრინდებით მარსზე, ეს არის უნიჭო პოპულიზმი”, – განაცხადა დოლიძემ.
შეგახსენებთ, პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე იგეგმება ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევა, მეორე ეტაპზე კი საერთოდ აკრძალვა.