პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივას – ოპოზიციის მიერ გაუქმებული საპარლამენტო სიების აღდგენასთან დაკავშირებით ეხმაურება და ამბობს, რომ უმრავლესობა არ აპირებს „ნაციონალური მოძრაობის” და რადიკალური ოპოზიციის მიერ დაშვებული უხეში პოლიტიკური შეცდომის კანონების შეცვლით გამოსწორებას.
როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნა სიების აღდგენაზე არათანმიმდევრულია, რადგან სიები თავად ჩახსნეს მაშინ, როცა უმრავლესობაც და საერთაშორისო საზოგადოებაც მათ არწმუნებდა, რომ პარლამენტში უნდა შესულიყვნენ.
„არ ვაპირებთ „ნაციონალური მოძრაობის” და რადიკალური ოპოზიციის მიერ დაშვებული უხეში პოლიტიკური შეცდომა კანონების შეცვლით გამოვასწოროთ, რადგან ეს იყო მათი შეცდომა და მათ უნდა აიღონ ამაზე პასუხისმგებლობა. „ნაციონალურ მოძრაობას” და რადიკალურ ოპოზიციას პრობლემა აქვს არა სიების, არამედ დასწრების და საპარლამენტო პროცესებში მონაწილეობის, ორი დღეა, დავინახეთ, რომ მობრძანდნენ. საპარლამენტო ადგილები უნდა გამოიყენონ და შემდეგ პოლიტიკური ცხოვრება გვიჩვენებს, როგორ განვითარდება პროცესები.
მერამდენედ იმუქრებიან, ალბათ მესამედ ან მეოთხედ, რომ კომისიას შექმნიან, თუმცა, ვერც ადრე, სანამ მანდატებზე საერთოდ არ იყო ჩატარებული განხილვები და ვერც ახლა ვერ დავინახეთ მათი მობილიზაცია დარბაზში. 49 მხარდამჭერი ჰყავთ და ერთი აკლდებათ?! – ვერც 49 დეპუტატი დავინახეთ ამ კომისიის მხარდამჭერი დარბაზში. ამიტომ მე იმ მათემატიკაზე ვსაუბრობ, რაც დევს ხელის გულზე – დღეს ოპოზიციას აქვს 11 -ით მეტი მანდატი, ვიდრე კომისიის შექმნას სჭირდება,”- განაცხადა თალაკვაძემ.