ვერავინ, მათ შორის, ვერც სალომე ზურაბიშვილი შეძლებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე ტიპის წარმატებული მედიაცია გააკეთოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტი მზად არის დეპოლარიზაციის მისაღწევად მედიატორის როლი შეასრულოს.
როგორც თალაკვაძე განმარტავს, შერიგება შეიძლება მასთან, ვინც სამართლიანად აფასებს პროცესს და საკმარისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ასეთი არ არის.
„ჩვენ გადავდგით ფუნდამენტური ნაბიჯები, რათა გვქონოდა ევროპული და მშვიდი პოლიტიკა. ეს ვერ ხდება ბოლომდე. მეორე მხარეს დგას ისეთი რადიკალური ოპოზიციური პარტია, ვისთან შერიგებასაც საზოგადოება არ გვაპატიებს. ჯერ კიდევ იმ სიმართლეს, რომელიც საზოგადოების მხარესაა, რომლის წინააღმდეგაც მუშაობდა ეს პოლიტიკური პარტია, თავისი სახელი არ დარქმევია.
სანამ საზოგადოებას არ მოუხდიან ბოდიშს, რეალობის გადაკეთებას არ მოეშვებიან, სანამ არ მოეშვებიან საქართველოში ანტიდასავლური პოლიტიკის გატარებას, მანამდე მედიაცია წარმოუდგენელია და შეუძლებელი ამოცანაა. შერიგება შეიძლება მასთან, ვინც სამართლიანად აფასებს პროცესს, საკმარისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვს, რასაც ხელს მოაწერს, შეთანხმებას შეასრულოს. „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ასეთი, ვერავინ, მათ შორის, ვერც სალომე ზურაბიშვილი ვერ შეძლებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე ტიპის წარმატებული მედიაცია გააკეთოს“,- აღნიშნავს თალაკვაძე.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ დეპოლარიზაციის მისაღწევად მედიატორის როლი შეასრულოს. როგორც ზურაბიშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოითხოვს, რომ ევროკომისიის მიერ წამოყენებული 12-პუნქტის შესასრულებლად შექმნილი კომისიების მუშაობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ჩაერთოს.