აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და ევროპის სხვა ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაუყონებლივ დატოვონ უკრაინა, ვინაიდან აშშ-ს დაზვერვის ცნობით, რუსეთი მზადაა, ნებისმიერ წამს შეიჭრას უკრაინაში.
ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა. მან ამერიკის მოქალაქეებს დაჟინებით მოუწოდა, უახლოეს 48 საათში დატოვონ უკრაინა და ისინი გააფრთხილა, რომ შეჭრის შემთხვევაში, აშშ მათ დახმარებას ვეღარ შეძლებს.
“უკრაინაში მყოფმა ნებისმიერმა ამერიკელმა უნდა დატოვოს ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად და ნებისმიერი გზით მომდევნო 24-დან 48 საათის ფარგლებში. ცხადია, ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ვიწინასწარმეტყველოთ მომავალი, ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა მოხდება, მაგრამ რისკი საკმაოდ მაღალია და მუქარა ახლა იმდენად მყისიერია, რომ ეს არის ის, რა ქმედებასაც ახლა საღი აზრით მოითხოვს.
თუკი დარჩებით, საკუთარ თავზე იღებთ რისკს, რომ არ იქნება არავითარი გარანტია, რომ იარსებებს სხვა შესაძლებლობა ქვეყნის დასატოვებლად ან ამერიკული სამხედრო საევაკუაციო მისია რუსეთის შეჭრის შემთხვევაში. თუკი რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას დაიწყებს, დიდი ალბათობით, ეს დაიწყება საჰაერო დაბომბვითა და სარაკეტო თავდასხმებით, რაც აუცილებლად შეიწირავს სამოქალაქო პირებს მიუხედავად მათი მოქალაქეობისა. შემდგომი სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში მასობრივი სამხედრო ძალის თავდასხმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე იქნება, გაითიშება კომუნიკაციები და შეწყდება კომერციული ტრანზიტი.
ვერავინ იქნება საჰაერო, თუ სარკინიგზო მგზავრობის იმედად მას შემდეგ, რაც სამხედრო ოპერაცია დაიწყება. ისევ, მე არ ვდგავარ და არ ვამბობ, რა მოხდება, ან არ მოხდება, უბრალოდ, ვამბობ, რომ რისკი საკმარისად მაღალია და საფრთხე იმდენად მყისიერი, რომ საღი აზრი მოითხოვს, რომ ახლავე დატოვოთ ქვეყანა. პრეზიდენტი არ ჩააგდებს ამერიკელი სამხედროების სიცოცხლეს რისკის ქვეშ, რათა ისინი გაგზავნოს იმათ დასახმარებლად, ვისაც ახლა შეუძლია, დატოვოს ქვეყანა, მაგრამ დარჩენას არჩევს”. – თქვა ჯეიკ სალივანმა.
უკრაინის დატოვებისკენ საკუთარ მოქალაქეებს დიდმა ბრიტანეთმაც მოუწოდა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა ბრიფინგზე გაიმეორა ჯეკ სალივანის ნათქვამი, რომ რუსეთი უკრაინაში “ნებისმიერ წამს” შეიძლება შეიჭრას.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს მოიწოდებს, უკრაინა დატოვონ.
„ჩვენი რჩევა ნათელია, ვითარება სახიფათო. უნდა ეცადოთ უკრაინისგან თავის დაღწევას“, – აღნიშნა სკოტ მორისონმა.
მისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ავსტრალიაში ვიზიტს მოჰყვა.