უკრაინის საზღვრებთან რუსეთის საფრთხის არსებობის ფონზე, აშშ-ს 8 500 სამხედრო აღმოსავლეთ ევროპაში გადასხმის მზადყოფნაში ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი პენტაგონის სპიკერის ჯონ კირბის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბრძანება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მითითებით გამოსცა და ეს არის ნაბიჯი, რომელიც აშშ-მა გადადგა უკრაინაში რუსეთის პოტენციური შეჭრისთვის მოსამზადებლად.
პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ს ჯარების დიდი ნაწილის გაძლიერებულ მზადყოფნაში მოყვანის მიზანია ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების (NRF) გაძლიერება, მაგრამ დასძინა, რომ ისინი მზად იქნებიან ნებისმიერი სხვა საგანგებო სიტუაციისთვისაც.
მისივე თქმით, ორშაბათი დღის ნაშუადღევის მდგომარეობით, ჯარების განლაგების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არაა მიღებული.
„შეერთებულმა შტატებმა გადადგა ნაბიჯები თავისი ძალების მზადყოფნის გასაძლიერებლად სახლში და მის ფარგლებს გარეთ, ამიტომ ისინი მზად არიან უპასუხონ მთელ რიგ გაუთვალისწინებელ სიტუაციებს, მათ შორის ნატოს საპასუხო ძალების მხარდაჭერას, თუ ის გააქტიურდება“, – განაცხადა კირბიმ.