22.11.2024

ათასობით პარაშუტისტი ჩაერთო ქაბულიდან ევაკუაციის პროცესში. 90 რეისით 70 ათასზე მეტი ადამიანი გაიყვანეს

ქაბულიდან მხოლოდ ბოლო 24 საათში, 16 000 ადამიანზე მეტი გაიყვანეს. აშშ-ს სამხედრო ძალებს ქაბულიდან გაყავთ ყველა ვინც მათ ეხმარებოდა თალიბანთან ბრძოლაში.

პენტაგონის განცხადებით, მათ ავღანეთის დედაქალაქიდან ბოლო 24 საათში, 90 რეისით დაახლოებით 16 000 ადამიანი გამოიყვანეს. თუმცა, ქვეყნიდან ევაკუაციის იმედით, ქაბულის აეროპორტის ჭიშკართან, ბევრად მეტი ადამიანი შვილებთან ერთად ათენებს და აღამებს.

ქაბულის აეროპორტში კვირა ინტენსიური ევაკუაციით დაიწყო. სარბენ ბილიკზე ორშაბათს თვითმფრინავი თვითმფრინავს ცვლიდა. მაგრამ სპეციალისტების აზრით, ეს საკმარისი არ არის. გენერალი სტივ ლიონსი, რომელიც ტრანსპორტის მართვის ცენტრის მეთაურია აცხადებს, რომ „შესაძლებლის მაქსიმუმი კეთდება, რათა ქაბულიდან თითოეული ადამიანი გამოვიყვანოთ“.

მოგვიანებით პენტაგონმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამ ქაოსში თვითმფრინავებზე მართლაც სამი ბავშვი გაჩნდა. ეს ქვეყნიდან წასვლის მსურველთა სასოწარკვეთილების წარმოუდგენელი მაგალითია.

თვითონ ავღანეთის დედაქალაქში შედარებითი სიმშვიდეა, მაგრამ ბევრი ავღანელისთვის ის არასაიმედოდ გამოიყურება. აეროპორტთან რამდენჯერმე პანიკა და შეტაკება მოხდა. იყო მსხვერპლიც. ყოველ ნაბიჯზე თალიბების საკონტროლო პუნქტებია. ისლამური სახელმწიფოს თავდასხმის მუქარაც რეალურია.

„ჩვენი მეთაურები ყველა ზომას იღებენ მსგავსი იერიშის წინააღმდეგ“ – ამბობს ჯეიკ სალივანი, პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

სამაშველო ოპერაციებში, ამერიკელების აეროპორტამდე მიყვანაზე 5 800-მდე ამერიკელი ჯარისკაცი მუშაობს. საბოლოო ვადამდე, 31 აგვისტომდე, რომელსაც თალიბანი „წითელ ხაზს“ უწოდებს, სულ რამდენიმე დღე რჩება.

“ამერიკის ხმის” კითხვაზე, მოითხოვს, თუ არა პენტაგონი პრეზიდენტისგან ავტორიზაციას დამატებითი სამხედრო ძალების ჩართვასთან დაკავშირებით, ჰენკ ტეილორი – რეგიონული ოპერაციების დირექტორის მოადგილე – ამბობს: „5 800 [-იანი შემადგენლობა] გვყავს. როგორც ვთქვი, ეს საკმარისია აეროპორტის უსაფრთხოების გაზრდის და მიმდინარე ოპერაციის გასაგრძელებლად“. იგივეს აცხადებს ჯონ კირბი, პენტაგონის პრესსპიკერი, რომ „ამ ეტაპზე მისიისთვის დამატებითი ძალების ავტორიზაცია არ იგეგმება“.

ვეტერანთა ჯგუფები და არასამთავრობოები პრეზიდენტს ყველა ამერიკელი და რისკის ქვეშ მყოფი ავღანელის ქვეყნიდან სასწრაფოდ გაყვანისკენ მოუწოდებენ. „იმის მიუხედავად, თუ რას ეუბნება პრეზიდენტი გლობალურ აუდიტორიას თავის გამოსვლებში და ანგარიშებში, ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. ხალხის უმეტესი ნაწილი აეროპორტამდე ვერ მიდის“ – ამბობს მეტ ზელერი, ორგანიზაციიდან „უკან არავინ დარჩა”.

თეთრი სახლი კი აცხადებს, რომ ევაკუაციას გააგრძელებს, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ჯეიკ სალივანის თქმით, “ავღანელთა გამოყვანა გაგრძელდება ამერიკული ჯარის გამოსვლის შემდეგაც კი”. მაგრამ, ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ როგორ შეიძლება ამ პროცესის გაგრძელება მას შემდეგ, რაც ავღანეთს ამერიკის ძალები დატოვებენ.

დღეს ცნობილი გახდა თალიბანის განცხადება იმის თაობაზე, რომ ევაკუაციის ვადა 31 აგვისტოს შემდეგ აღარ გაგრძელდება. თალიბები აეროპორტთან შეკრებილ ავღანელებს ეუბნებიან, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებათ და შეუძლიათ შინ დაბრუნდნენ. “ჩვენ მათი უსაფრთხოების გარანტიას ვიძლევით” – განაცხადა თალიბანის პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img