შანაი ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი – ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანენ, შევხვდები და ჩამოვყალიბდები დეტალებზე
თბილისში ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე რაფაელ მურსაკულოვია.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ბრალდებულთან დროებითი, მოთავსების იზოლატორში მისი ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე დაახლოებით ერთ საათში მივა.
ადვოკატი არ ფლობს ინფორმაციას, თუ რა პოზიცია აქვს ბრალდებულს მის დაკავებასთან დაკავშირებით და რა შეიძლებოდა გამხდარიყო სავარაუდო დანაშაულის მიზეზი.
ამავდროულად ambebi.ge-მ მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები გაარკვია. მათი ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
როგორც ambebi.ge წერს, დაკავებული შანაე ბრუკის მეზობლად, გოგებაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. მკვლელობის სავარაუდო მოტივი კი ყაჩაღობაა – თავდამსხმელი შანაე ბრუკს „აიფონ 12“-ის წართმევას უპირებდა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია, რადგან გოგონამ ის ხრამში მოისროლა. მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაულის ადგილზე დანით ხელი გაიჭრა და ადგილზე მისი სისხლის კვალი დარჩა. სწორედ გენეტიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა დაკავებულის დნმ და მისი ვინაობა.
Ambebi.ge-ის წყაროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ავტრალიის მოქალაქის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.