ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე დეპუტატის მიერ კოლეგის შეურაცხყოფაზე სანქციის დაწესების ინიციატივით გამოდის. ჯაფარიძის აზრით, პარლამენტის წევრს ასეთი ქმედების გამო, სხდომათა დარბაზში შესვლა უნდა აეკრძალოს.
როგორც ჯაფარიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ქუჩაში ხატია დეკანოიძეზე მომხდარი თავდასხმა იმის გაგრძელება იყო, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხდებოდა.
“როცა ადამიანებმა დაინახეს, რომ ხატიას კოლეგები თავს დაესხნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს, მათაც იგივე გააკეთეს. როგორც გაიგდეს ფეხქვეშ გიორგი ვაშაძე ხუთმა კაცმა… ამის შეფასება არც ერთი კოლეგისგან არ მინახავს. კოლეგაზე ხელის მოქნევა, დედის გინება იმდაგვარად დასჯადი უნდა იყოს, რომ ამის ჩამდენი ბიუროს ოთახში და პარლამენტის დარბაზში აღარ უნდა შემოდიოდეს. შემოვიდეს ასეთი სანქცია! ჩვენ ადამიანებს თავშეკავების, მიტევების და შერიგების მაგალითს უნდა ვაძლევდეთ, მაგრამ ვაძლევთ აგრესიის, თავდასხმის, განსხვავებული აზრის შეუწყნარებლობის მაგალითს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.