ჩვენ ვერ გაგვტეხს ვერანაირი გადაწყვეტილება, მათ შორის, ჩემი მანდატის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება. ეს არ შეამცირებს ჩვენს სულისკვეთებას, ვერ დააზიანებს და არ შეამცირებს ჩვენს ძალისხმევას იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბადრი ჯაფარიძის განმარტებით, ის გააგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ ქვეყანა დადგეს ფეხზე და არ დარჩეს ჭაობში.
„მინდა გითხრათ, რომ ამ დარბაზში მე ყველაზე ამაღელვებელი წუთი მაქვს განცდილი, როდესაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს მოვაწერე ხელი, ასევე ნანახი მაქვს ეს დარბაზი აოხრებული, როდესაც სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, მაშინ შემიწყვიტეს უფლებამოსილება. სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, შეწყდა ჩემი სადეპუტატო უფლებამოსილება, ახლა ეს განმეორება თუ მოხდა, ცხადია, რომ ეს იქნება სწორედ იმავეს განხორციელება, ოღონდ ამ შემთხვევაში ამისთვის არ იქნება გამოყენებული სახელმწიფო გადატრიალება, ამ შემთხვევაში იქნება გამოყენებული პულტები, თუმცა ჩემთვის შინაარსობრივად ეს არაფერს არ ცვლის, იმიტომ, რომ ჩვენი ამოცანა, ჩვენი სულისკვეთება არ შეიცვლება, სადაც არ უნდა ვიყო, იქნება ეს პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ.
ჩემი ქვეყანა და ჩემი თანამოქალაქეები არის ჩემი მთავარი პრიორიტეტი და, რა თქმა უნდა, მანდატის გარეშეც მე გავაგრძელებ ბრძოლას იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დადგეს ცვლილებები, რომლებიც სჭირდება თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, იმიტომ, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობაში დიდხანს ვერ გაძლებს, ეს მდგომარეობა, საბოლოო ჯამში, იწვევს სრულ ნიჰილიზმს ჩვენს თანამოქალაქეებში. ჭაობში დარჩენა, ნიშნავს ჭაობში ჩაძირვას და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ჩვენ ვერ გაგვტეხს ვერანაირი გადაწყვეტილება, მათ შორის, ჩემი მანდატის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება. პირიქით, ეს გააძლიერებს მოტივაციას იმისთვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ბრძოლა ამ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის და ამ ქვეყნის დასაახლოებლად ევროპულ ოჯახში, სადაც არის ჩვენი კუთვნილი ადგილი, ოღონდ ამისთვის უნდა ვიშრომოთ და დიდი ღვაწლი გავწიოთ. მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება“, არ შევწყვეტთ ბრძოლას იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში რეფორმები განხორციელდეს, პარლამენტის შიგნით, პარლამენტს გარეთ. კიდევ ერთხელ მინდა ყველა ჩემს კოლეგას მადლობა გადავუხადო კეთილი სიტყვებისთვის და აღგითქვათ, რომ პარლამენტის გარეთ დავრჩები იმ იდეალების ერთგული, რომლის ერთგული ვარ ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში მთელი ეს წლებია,“- განაცხადა ჯაფარიძემ.