ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის რეანიმაციაში ამ დროისთვის 3 კოვიდინფიცირებული ახალშობილია მოთავსებული. ჰოსპიტლის დირექტორის თამარ ბახტაძის თქმით, რეანიმაციაში მოთავსებული ახალშობილების ასაკი 0-დან 28 დღემდეა.
ასევე, ბახტაძემ ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბარში აღნიშნა, რომ უახლოეს საათებში ჰოსპიტალში მოათავსებენ 2 თვის ჩვილს, რომელიც დედასთან ერთად არის ინფიცირებული. ისინი ბათუმში ფოთიდან გადაყავთ.
“ჩვენს კლინიკაში გამოყოფილია 59 საწოლი. მათგან 50 არის პედიატრიულ განყოფილებაში, ხოლო 9 საწოლი არის რეანიმაციაში – 3 მოზრდილ ბავშვთა რეანიმაციაში, 6 – ახალშობილთა რეანიმაციაში.
რა თქმა უნდა, მომართვიანობა ძალიან მაღალია. დღეს პირველი საღამოა, როცა რამდენიმე საწოლი გვაქვს თავისუფალი, მაგრამ ახლა დამირეკეს, რომ ფოთიდან მოყავთ 2 თვის ჩვილი, რომელიც კოვიდინფიცირებულია დედასთან ერთად.
დილით გვყავდა 64 პაციენტი. ნაწილი გავწერეთ და მივიღეთ ახალი ნაკადი.
კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 4 პაციენტი მკურნალობს, მათგან 3 არის ახალშობილთა რეანიმაციაში. ახალშობილთა რეანიმაცია ემსახურება 0-დან 28 დღემდე ასაკის პაციენტებს. წარმოიდგინეთ, სულ რამდენიმე დღის ახალშობილები არიან მოთავსებული ჩვენთან კორონავირუსით ინფიცირებული.
46 პაციენტი არის დედა და 28 ბავშვი”. – თქვა თამარ ბახტაძემ.