ტოკიოს ოლიმპიადის 2 ქართველ სპროტსმენს, ვერცხლის მედალოსანს – 27 წლის ვაჟა მარგველაშვილს და 29 წლის ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიური თამაშების დატოვება მოსთხოვეს, ამის მიზეზი კი, ოლიმპიური სოფელის თვითნებურად დატოვება გახდა, ღირსშესანიშნაობების დათვალიერების გამო. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, სპორტსმენებმა ოლიმპიური სოფელი არამიზნობრივად დატოვეს, რაც ოლიმპიური თამაშებისას COVID 19-ის მართვის წესებს ეწინააღმდეგება. ამასთან, იაპონიაში ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივებულია.
ოლიმპიური თამაშების სპიკერის, მასანორი ტაკაიას თქმით, ღონისძიებამ აკრედიტაცია იმ პირობით მოიპოვა, რომ სპორტსმენები ოლიმპიურ სოფელს მიზანშეუწონელად არ დატოვებდნენ და ამით არც საკუთარ და არც სხვის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნიდნენ. მისივე თქმით, წესის დამრღვევებს აკრედიტაცია შეუჩერდათ.
„ჩვენ ჩამოვართვით აკრედიტაციები, რადგან გვჯერა, რომ ოლიმპიური სოფლის დატოვების ფაქტი არ უნდა დაფიქსირდეს“, – განაცხადა ტოკიო 2020-ის სპიკერმა.
მოგვიანებით საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ინფორმაცია ორი სპორტსმენის აკრედიტაციის შეჩერების შესახებ – დაადასტურა. ორივე ძიუდოისტს ოლიმპიური სოფლის შენობაში აღარ უშვებენ. ამასთან, ძიუდოისტებმა თავიანთი გამოსვლის შემდეგ იაპონია უკვე დატოვეს.